ბადრი შუბლაძე – მოჩხუბარი ტიპი ვიყავი და მილიციაშიც არაერთხელ მოვხვედრილვარ

ბადრი შუბლაძე – მოჩხუბარი ტიპი ვიყავი და მილიციაშიც არაერთხელ მოვხვედრილვარ

627
გაზიარება

როცა ჩემი ახალგაზრდობის თბილისზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მასში, პირველ რიგში, ჩემი ახალგაზრდობა მომწონს. ადრე რუსთაველზე ხალხი გაცილებით აქტიურად მოძრაობდა, განსაკუთრებით, ლაღიძის წყლების მიდამოებში, სადაც კაფე ნარგიზი იყო. მახსოვს იმდროინდელი ტკბილი მოგონებები. მაშინ ახალგაზრდობა, თითქოს, მეტად აქტიური იყო, დღეს კი, უფრო კომპიუტერებზეა მიჯაჭვული. შეიძლება, მთელი დღე სახლში იყვნენ, კომპიუტერთან ისხდნენ და ვერც იგრძნონ,  გარეთ რა ხდება. მაშინ ვცდილობდით, გარეთ გავსულიყავით და ერთმანეთს შევხვედროდით.
დღეს არ მომწონს, რომ საზოგადოებაში ასეთი დაძაბული სიტუაციაა. ქალაქში ბევრი რამ გაკეთდა და უფრო მეტი გასაკეთებელია, მაგრამ იმ ტემპით არ კეთდება, როგორიც სჭირდება ქალაქს.
მე უფრო კომუნისტური პერიოდის წარმომადგენელი ვარ. მაშინ ბევრი მიწა არსებობდა მშენებლობისთვის, მაგრამ მშენებლობა არ იყო ისე აქტიური, დღეს კი, პირიქით – ბევრი შენდება, მაგრამ სამშენებლო მიწების ნაკლებობაა. ნუცუბიძის პლატოზე, ზუსტად ჩემი სახლის წინ, პირდაპირ კლდეზე შენდება ახალი სახლი. ქალაქის ცენტრი ძალიან გადაიტვირთა. კარგად ხედავთ, რაც ხდება სპორტის სასახლის მიდამოებში. ბევრი შენდება, მაგრამ ქალაქის განსატვირთად გზები არ არის, ამიტომ მუდმივი საცობია. მშენებლობები უნდა იყოს, მაგრამ ქალაქში გაიშალოს და გაფართოვდეს. მესმის, რომ სამშენებლო კომპანიისთვის ცენტრში აშენება უფრო მომგებიანია, მაგრამ ვინც გარეუბნებში ააშენებს, იმათ მერიამ შეღავათი უნდა გაუწიოს, რათა მისთვისაც და მყიდველისთვისაც ეს საქმე მომგებიანი იყოს.
მინდა, რომ ქალაქში რაც შეიძლება, მეტი სპორტული მოედანი აშენდეს და ახალი თაობა მეტად დაკავდეს სპორტით, ვიდრე- ეზოებში ლუდის სმით. კარგი იქნება, რომ კინოთეატრებში უფრო მეტი ახალგაზრდა დადიოდეს. ჩვენ გაცილებით ხშირად დავდიოდით, თუმცა მაშინ ბევრი ალტერნატივაც არ იყო. შეყვარებულთან შეხვედრა რომ გინდა, პაემანს ხომ ქუჩაში უნიშნავ? ჰოდა, ხალხი ქუჩებში უნდა გამოვიდეს და სახლში არ შეიყუჟოს. უნდა შევხვდეთ ერთმანეთს ახლგაზრდები და ასაკოვანი ხალხი. უფრო მეტი ურთიერთსიყვარული უნდა ჩავუნერგოთ ერთმანეთს. ამ მხრივ, ქუჩებში გამოსვლას არ უნდა მოვერიდოთ. ლაღიძის წყლების ტერიტორიაზე იმდენი ახალგაზრდა “აბირჟავებდა” ადრე… ზოგი მათგანი ცნობილი სპორტსმენი გახდა, ზოგი- კინორეჟისორი, ზოგი – პოლიტიკოსი და ზოგმაც სხვა სფეროში მიაღწია წარმატებას. ასე რომ, ქუჩაში გამოსვლა ცუდი სულაც არაა. ვინც წამხდარი ბუნებისაა, ის არის და იქნება კიდეც.
სხვათა შორის, მე ცოტა მოჩხუბარი ტიპი გახლდით და მილიციაში სტუმრობაც ხშირად მიწევდა. კომფლიქტური არ ვიყავი, უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვიტანდი ვერც ჩემს და ვერც სხვის მიმართ. ეს იყო ჩემი პლიუსიცა და მინუსიც. ასე რომ, არაერთხელ მოვხვედრილვარ მილიციციაში, მაგრამ, რომ იცოდეთ, მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

კომენტარი