ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია

309
გაზიარება

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ვაკის პარკში შესაძლოა, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის – “მწვანე ალტერნატივა” – ცნობით, სასამართლომ ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც აღნიშნული პროექტი უნდა განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაავალა თბილისის მერიას, რომ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით ნაკვეთის ზონალურ შეთანხმებაზე ნებართვა ხელახლა განეხილა.
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით თბილისის მერმა დაამტკიცა ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება, რომლითაც გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით  თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის 68 ნომერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტიზანი მებაღეებიც” აპროტესტებდა.

 

კომენტარი