თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს

თბილისის საკრებულოს წევრებმა ელექტროავტობუსით იმგზავრეს

218
გაზიარება

თბილისის საკრებულოს წევრებს კომპანიამ „ფრეგობასი“ პირველი ელექტროავტობუსი წარუდგინა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს წევრებმა ავტობუსით სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე იმგზავრეს.  კერძოდ, საკრებულო – გმირთა მოედანი – ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებაზე. კომისიის თავმჯდომარის თედო ისაკაძის განცხადებით, ელექტროავტობუსი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებაა და ამიტომ მისი გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის შალვა ოგბაიძის თქმით,  დღევანდელი ტესტირების შედეგი პოზიტიურია, რაც მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ელექტროავტობუსებით ჩანაცვლებისთვის მნიშვნელოვანია.
„ელექტროავტობუსს საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს, კომფორტული და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა. კარგია, რომ ტესტირება და გამოცდა დაიწყო ჩვენს დედაქალაქში. მისასალმებელია ასევე, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა საქართველოში ელექტრო ავტობუსების ამწყობი საწარმოს გახსნაზე,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას განცხადებით, ელექტროავტობუსის შესაძლებლობებით კმაყოფილი დარჩა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასეთი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით განახლდება.
კომპანიის  დირექტორმა მურმან პატარაიამ დეპუტატებს ელექტროავტობუსის ფუნქციების და მისი ხარისხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ავტობუსი, რომელიც  100%-ით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა,  ერთი დამუხტვით 250 კმ-ს გადის. მისივე განცხადებით, თბილისში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებაზე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საწარმოში პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300 ზე მეტი ადგილობრივი, ხოლო ინვესტიციის ჯამური მოცულობა იქნება 40 მლნ ლარი. კომპანია „ფრეგობასის“ პარტნიორები არიან გერმანული კომპანია „EURABUS“ და ჩინური კორპორაცია „ZTE Corporation“.

კომენტარი