მეტეხის ხიდი – საოცარი ისტორია, რომელიც შუა საუკუნეებიდან იწყება

მეტეხის ხიდი – საოცარი ისტორია, რომელიც შუა საუკუნეებიდან იწყება

1470
გაზიარება

ისტორიულად თბილისი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა – თბილისი, კალა და ისანი. თბილისი და კალა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა, ისანი (მეტეხი) კი, მარცხენა სანაპიროზე არსებულ კლდოვან შემაღლებაზე. ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი ხიდი თბილისში, ისანსა  და კალას შორის აშენდა და ის, დაახლოებით, დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილზე მდებარეობდა.
VII საუკუნეში, მომხდარი ამბების აღწერისას, იოანე საბანისძე, „აბოს წამებაში“ ახსენებს  ფრაზას  „ხიდთა ქალაქისთა“ რაც ივანე ჯავახიშვილს აძლევს საფუძველს ივარაუდოს, რომ ამ ადგილზე ორი ხიდი მდებარეობდა. უძველესი ხიდის ბურჯზე ჯვარი იყო აღმართული. „ზედა აღმართული იყო პატიოსანი ჯვარი ხიდსა“ („აბო თბილელის მარტვილობა“).
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ხიდი გარკვეულ რელიგიურ დანიშნულებას ასრულებდა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ მოგვიანებით ირანის შაჰმა, ისმაილმა თბილისის დალაშქვრისას ამ ადგილზე „პატიოსანი ჯვრის“ მაგიერ მეჩეთი ააშენა. X  საუკუნის არაბი გეოგრაფი, ალმუქუდასი მოგვითხრობს, რომ „თბილისს გადაჰკვეთს მდინარე მტკვარი, იგი გაშლილია ორივე ნაპირზე  და დაკავებულია ხიდით“.

მეტეხი და მეტეხის ხიდი.
ძველ წერილობით წყაროებში მეტეხის ვიწროებში აგებული ხიდი მოხსენიებულია, როგორც ერთადერთი ქალაქში. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ ხიდის სიდიდეს და სიმტკიცეს. ყაზანელი სოვდაგარი ვასილ გაგარე, რომელიც ღვთისათვის მიცემული აღთქმის შესასრულებლად იერუსალიმში გაემგზავრა და გზად თბილისში გაიარა, თავის ნაშრომში თბილისის ხიდს „საკვირველს“ უწოდებს.
სავარაუდოდ, სწორედ მეტეხის ხიდს უკავშირდება ის ტრაგედია, რომელიც 1226 წელს, ხვარაზმის შაჰმა, ჯალალედინმა თბილისში დაატრიალა. იმ თბილისელებს, ვინც გამაჰმადიანებაზე უარი თქვა, ჯალალედინის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს და წყალში გადაყარეს. იგივე განმეორდა 1522 წელს, როცა ირანის შაჰმა, ისმაილმა თბილისი აიღო.

მეტეხის ხიდი. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
მეტეხის ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის შემოსევისას. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხიდი აღადგინეს,თუმცა როგორც ფრანგი მოგზაური გამბა წერს, 1820 წელს ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. 1830 წელს მეტეხის ხიდის გვერდით მეორე ხიდი აუშენებიათ. წლების შემდეგ ეს ორივე ხიდი ლითონის კონსტრუქციებით შეცვალეს.

001-883
1870 წელს ფრანგი ინჟინრის, ოდიშის პროექტით მტკვარზე  ახალი ხიდი აშენდა. ეს იყო საფეხმავლო ხიდი, რომელზეც ორთაჭალის ბაღებიდან წამოღებულ ხილ-ბოსტნეულს ვირებით ეზიდებოდნენ. შესაბამისად, ხიდსაც “ვირის ხიდი” შეარქვეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1951 წელს ხიდი დაანგრიეს. მის ადგილას ახლანდელი მეტეხის ხიდი (ბარათაშვილის ხიდი) აშენდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ, როცა თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, ვირის ხიდის აღდგენა გადაწყვიტეს. შემუშავდა პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, კომპანია „არსს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა მოგვიანებით, სხვადასხვა გარემოების გამო, პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვა.

კომენტარი