თბილისში ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის აშენება იგეგმება

თბილისში ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის აშენება იგეგმება

1729
გაზიარება

თბილისის მერიამ ვარკეთილისა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც მერიის  მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაშია მითითებული, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს.
ტერიტორია უკვე შერჩეულია. ვარკეთილიში, მესამე მიკრო რაიონში, 180-ე სკოლასთან სპორტულ ცენტრს 18 828 კვ.მ ფართობი დაეთმობა, ხოლო დიდი დიღომი, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ  6384 კვ.მ.
დოკუმენტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი უნდა მოიცავდეს ორ საცურაო აუზს (დიდი და საშუალო) გადახურვით (დიდი აუზი ერთ მხარეს ტრანსფორმირებადი კედლით, რომელიც სეზონურად გაიხსნება და გაერთიანდება ღია ტერასასთან), ტანვარჯიშის დარბაზს, სპორტულ მოედანს (ფეხბურთისა და კალათბურთისათვის), სპორტული ორთაბრძოლების დარბაზს, სატრენაჟორო სივრცეს, 2 ფიტნეს დარბაზს, მასაჟის ოთახებს, საუნას, კაფეს, მოსაცდელს, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზებს და ყველა საჭირო დამხმარე ფართს.
ტენდერის პირობებით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ერთ ობიექტზე 10 000 000 მლნ. ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს პროექტის კონცეფცია – გეგმარებითი გადაწყვეტები სამი ან მეტი ალტერნატიული ვარიანტის მიმოხილვით, ასევე 3 ესკიზური პროექტი თითოეულ ლოკაციაზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება შეირჩეს ერთი პროექტი ან ცალკეული პუნქტების შეჯერების საფუძველზე, შეიქმნას ახალი ესკიზური პროექტი და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს შესათანხმებლად.

კომენტარი