ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უმასპინძლებს

ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უმასპინძლებს

512
გაზიარება

დამთვალიერებლებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ახალ ზოოპარკში სტუმრობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის შეეძლებათ.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები გრძელდება და ახალი ზოოპარკი ნაწილობრივ, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება.
ზოოპარკის დირექტორმა უკვე განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა.
„სამუშაოები მიმდინარეობს, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა დათვებისა და მგლების, ირმებისა და ნიამორების ვოლიერი, ამასთან, აშენდა ბავშვთა სათამაშო -საგანმანათლებლო, სათავგადასავლო მოედანი, სადაც ბავშვებს, ცხოველებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. დამთავრებულია ფოცხვერის ვოლიერი და მალე ცხოველი ახალ ვოლიერში გადაბარგდება. მიმდინარეობს ჯიხვების ვოლიერის მშენებლობა და ესეც, სავარაუდოდ, სექტემბრისათვის დამთავრდება. ასევე ხორციელდება რამდენიმე ავიარიუმის – ფრინველების ვოლიერის მშენებლობა. როგორც იცით, ზოოპარკისთვის შერჩეულია საკმაოდ დიდი ფართობის ტერიტორია. ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ვოლიერი ძალიან დიდი ზომისაა, იმდენად დიდი, რომ ცხოველები თავს გარებუნებაში გრძნობენ.
ამასთან, კიდევ ვაშენებთ ერთ ვოლიერს ბელების რეაბილიტაციისთვის, ამ ეტაპზე გვყავს სამი ბელი, რომელიც გარემოს ზედამხედველობოს სამსახურმა მოგვიყვანა. ობოლი ბელების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა, რაც ბრაკონიერობის შედეგია. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ახალი ზოოპარკის ნაწილობრივ გახსნა მოესწრება. ის გაიხსნება კავკასიის ექსპოზიციით და მსოფლიოში არცერთ ზოოპარკს არ აქვს კავკასია ასე მასშტაბურად წარმოდგენილი. თუმცა აქვე განვმარტავ, რომ გახსნის დრო დამოკიდებულია მშენებლობის ტემპებზე, რომელიც ზოგჯერ ჩვენს სურვილებს არ ემთხვევა ხოლმე“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარი