სასტუმრო “ბუდაპეშტი” ვაკის პარკის წინააღმდეგ

სასტუმრო “ბუდაპეშტი” ვაკის პარკის წინააღმდეგ

15264
გაზიარება

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” აშენების საკითხი, მისი დღის შუქზე გამოტანის დროიდან, ბევრ ხმაურიან ამბავს ითვლის. უკვე 5 წელია, რაც ამ საკითხის განხილვას ყოველთვის თან ახლავს აქტიური საზოგადოებრივი პროტესტი, რომლის ხმაც, შესაძლოა, ახლო მომავალში ისევ გავიგოთ.
გაშლილი კარვები დ აღმართული ბარიკადები – 2013 წელს ვაკის პარკმა ეს ყველაფერი გამოიარა. შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდა… პირველი ინსტანცია მშენებლობის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებმა, “მწვანე ალტერნატივამ” და “პარტიზანმა მებაღეებმა” მოიგეს, მაგრამ ახლახან სააპელაციო სასამართლომ საჩივარი, რომელიც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა. სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც აღნიშნული პროექტი უნდა განახორციელონ.
ამჟამად ორგანიზაციები სასამართლოდან დასაბუთებულ განჩინებას ელოდებიან, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სასამართლო დავა, თუმცა მისი გაგრძელების შემთხვევაშიც, მშენებლობის დაწყება-არდაწყების განმსაზღვრელი მაინც რამდენიმე ფაქტორი იქნება. პირველი მათგანი დედაქალაქის ხელმძღვანელობის ხელახალი ნებართვაა, რომელიც კომპანიებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლებას მისცემს, ხოლო მეორე – ისევ და ისევ საზოგადოების პროტესტი. აღსანიშნავია, რომ ნებართვას, რომელიც თბილისის მერიამ კომპანიებს გიგი უგულავას მერობის პერიოდში მისცა, 2016 წელს ვადა გაუვიდა, ამიტომ ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ამ ეტაპზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ განჩინება, რომლის გაცნობის შემდეგაც ისინი, საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ სიტყვას იტყვიან, ჯერ მათაც არ მიუღიათ.
ამრიგად, სასტუმროს ასაშენებლად საჭიროა, საქმემ 3 ეტაპი, ასე ვთქვათ, 3 ფილტრი გაიაროს – სასამართლო, მერია და საზოგადოების პროტესტი.
ალბათ, უახლოეს მომავალში ერთად ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული მათგანი და თუ საქმე პროტესტამდე მივა, როგორი იქნება ხალხის ნება. მანამდე კი გთავაზობთ აღნიშნული მშენებლობის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგის, ზურაბ ბაქრაძის მოსაზრებას, თუ რატომ არ შეიძლება ვაკის პარკში სასტუმროს აშენება.


ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი

download (2)-“დედაქალაქში მწვანე ნარგავთა რაოდენობა 1 სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 4 კვადრატული მეტრია. საბჭოეთშიც კი ეს ნორმა 15 კვადრატული მეტრი იყო. არსებული ვითარება სისხლის, სიმსივნურ და ბავშვთა ძალიან მძიმე დაავადებებს იწვევს. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ამ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. აქ მსგავსი დაწესებულების მშენებლობა, საავტომობილო მოძრაობითა და მისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი, პარკის ფუნქციებს არ შეესაბამება და დაუშვებელია. ის ისე ჩაერევა პარკის ყოფაში, რომ იქ დამსვენებლებს ცხოვრებას გაუმწარებს. ვაკის პარკი, ფაქტობრივად, ამ სასტუმროს ეზოდ გადაიქცევა.
მოგეხსენებათ, თუ როგორ იყენებენ სასტუმროს – გართობა, ხშირ შემთხვევაში, კაზინო, არალეგალური მომსახურებები… ასეთი რამის გაკეთება იქ, სადაც მოხუცები, ბავშვები, ახალგაზრდები იკრიბებიან, დაუშვებელია. ეს პარკი მთელი ვაკისთვის ირგვლივ ერთადერთი მსგავსი ადგილია. აქ მთელი ქალაქიდან მოდიან და მისი სასტუმროთი გაფუჭება მოქალაქეების წინაშე დანაშაული იქნება. სწორედ ამიტომ დაიდგა ადრე კარვები, აღიმართა ბარიკადები და არ დართეს კომპანიებს სასტუმროს აშენების ნება. სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში გამარჯვებისა და მერიის თანხმობის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული, დაიწყება თუ არა მშენებლობა.


რაც შეეხება „ტიფლის კოსტავასა“ და „გრაალს“, ცხადია, კითხვები მათ მიმართაც არსებობს და კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ, როგორ მოიქცევიან ისინი, თუ დავის გაგრძელების შემთხვევაშიც გაიმარჯვებენ (ან წააგებენ), მერია ნებართვას თავიდან მისცემს (ან უარს ეტყვის) ან სასტუმროს მშენებლობისთვის ალტერნატიულ სივრცეს შესთავაზებს? ბოლოს და ბოლოს, წავლენ თუ არა გაშლილი კარვებისა და აღმართული ბარიკადების წინააღმდეგ… მოკლედ, კითხვა ბევრია, თუმცა პასუხი და უფრო ზუსტად, პასუხის გაცემის სურვილი, არ არსებობს. ერთადერთი პასუხი, რომელიც „ტიფლის კოსტავას“ დირექტორის, გოგა ზაქაიძისგან მივიღეთ, დღეების მანძილზე პასუხგაუცემელი სატელეფონო ზარები და სოციალურ ქსელში ნანახი, მაგრამ, ასევე, პასუხგაუცემელი შეტყობინებებია. შესაბამისად, მათი პოზიციის დაზუსტება ვერ მოხერხდა, მაგრამ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სურვილი, განსაკუთრებით, საზოგადოების პროტესტის ფონზე, ალბათ, მათ პოზიციაზე ყველაზე კარგად მეტყველებს.

ბექა ღიბრაძე

კომენტარი