„თეგეტა თრაქ & ბასი“ მერიისაგან 90 ავტობუსის მიწოდების სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვს

„თეგეტა თრაქ & ბასი“ მერიისაგან 90 ავტობუსის მიწოდების სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვს

2382
გაზიარება

თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერით ჯერჯერობით მხოლოდ „თეგეტა თრაქ & ბასი“ დაინტერესდა. კომპანია მერიისაგან 90 ავტობუსის მიწოდების სანაცვლოდ 45 მილიონ ლარს ითხოვს.
თბილისის მერიის მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე კომპანია „თეგეტა თრაქ & ბასის“ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასებისთვის განსაზღვრული ვადა 22 ივნისს იწურება.
ტენდერის პირობების თანახმად,ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა.
გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C).ყველა ავტობუსი ერთი მარკის, ერთი მოდელის  და არანაკლებ 2018 წელს  უნდა იყოს გამოშვებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე მაისის ბოლოს თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარია. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.

კომენტარი