კახა კალაძე – მივიღებთ კანონს, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს ხელს შეუწყობს

კახა კალაძე – მივიღებთ კანონს, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს ხელს შეუწყობს

258
გაზიარება

“მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს და სისუფთავეს შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. ამასთან, კახა კალაძემ პარლამენტარებს კანონპროექტის ინიცირებისათვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს მინდა, შევაჯამო ეს კვირა და აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. მე კონკრეტულად თბილისზე ვიტყვი. მინდა გითხრათ, რომ ათეული წლებია, ქალაქის იერსახეს, პირველ რიგში, ძეგლისსტატუსიან შენობებს (და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს) ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს უკვე არარსებული პარტიების პოსტერების თუ უკვე არარსებული დაწესებულების სარეკლამო განცხადებების ნარჩენები შედარებით ახალი მაკულატურის ქვეშ. მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ როდესაც ამ კანონპროექტზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტიც ჩართული იყო. ჩვენი ინიცირებულია ეს ცვლილებები. მე მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ ამ თემას მიაქცია ყურადღება და მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზეს და სისუფთავეს შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ის მადლობელია იმ ახალგაზრდების, რომლებმაც თავისი ნახატებით გაახალისეს უსახური სივრცეები და კედლები.
„მეორე დღეა, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს ჩვენ ვიყოთ წინააღმდეგნი სტრიტ არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. შეიძლება ბევრს არც ჩაუხედავს ამ კანონში, თუ რაზეა საუბარი და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია და არასწორად ხდება ამ კანონპროექტის ინტერპრეტაცია. პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრიტ არტის განვითარებას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობელი ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით და იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს თუ სივრცეს გაახალისებენ და ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარი