თბილისის ელექტროფიკაცია – როდის აინთო პირველი ნათურა დედაქალაქში

თბილისის ელექტროფიკაცია – როდის აინთო პირველი ნათურა დედაქალაქში

552
გაზიარება

თბილისის ელექტროფიცირება მე-19 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, თავდაპირველად ტფილისში, გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე შენობების, ბანკის და თეატრის ელექტროფიცირება მოხდა.  შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როცა თბილისში პირველი ნათურა აენთო.
გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტფილისში მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად, ახალი ჰესის ასაშენებლად რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. საუბარი იყო მადათოვის კუნძულზე, მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან და მდინარე ხრამზე სოფელ არუხლოსთან. საქართველოს გასაბჭოების გამო, ვერცერთი ეს პროექტი ვერ განხორციელდა.
1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირო სახსრებიდან   750 ათასი ოქროს მანეთი მიიღო და მშენებლობაც დაიწყო.
ჰესის პირველი რიგი საექსპლუატაციოდ 1927 წელს გადაეცა. ზაჰესის ოთხი ტურბინიდან სამი გერმანიაში, ფრიცნოიმაიერის ქარხანაში დამზადდა. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა.

53_big1954 წელს თბილისს კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგური შემოემატა. ექსპლუატაციაში შევიდა „ორთაჭალჰესი“. სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, წლიურად 80 მლნ კვტ/საათს გამოიმუშავებს.
დღესდღეობით თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება დაახლოებით 2 მლრდ კვტ/სთ.-ს შეადგენს. აბონენტების რაოდენობა 524,5 ათასს აჭარბებს. დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე 4172,5 კმ-ს აღწევს.

კომენტარი