ბოზარჯიანცების ფაბრიკა და საყვედური, რომელიც სარაჯიშვილმა სტალინის გამო მიიღო

ბოზარჯიანცების ფაბრიკა და საყვედური, რომელიც სარაჯიშვილმა სტალინის გამო მიიღო

210
გაზიარება

მე-19 საუკუნის შუა ხანებში რუსეთსა და ოსმალეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. 1853 წელს რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს ყირიმის ნახევარკუნძულითვის დაუპირისპირდნენ. 2 წლის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები კავკასიაშიც დაიწყო. ისტორიული წყაროების თანახმად, თბილისის შემოგარენი რუსული სამხედრო შენაერთების ერთ-ერთი მთავარი დისლოკაციის ადგილი გახდა. ამ ფაქტმა ტფილისი კავკასიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრად აქცია. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ალკოჰოლზე და თამბაქოზე. ცნობილი ფაქტია, რომ როცა არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მოწოდებაც. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, მაშინდელი ტფილისის ერთ-ერთმა უმდიდრესმა მეწარმეებმა, ძმებმა ბოზარჯიანცებმა ტფილისში თამბაქოს პირველი საწარმო გახსნეს. საწარმო ვერის სასაფლაოს ბოლოში მდებარეობდა, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც წითელი აგურით ნაშენები აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკა დგას.

044844d71bcf
1858 წელს გახსნილი საწარმო მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად – “ბოზარჯიანცი და შვილები” გადაკეთდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ  1898 წელს აქ თვით ხალხთა მომავალი დიდი ბელადი, სტალინი მუშაობდა.  სტალინისთვის სამუშაოს გამოძებნა ფილიპე მახარაძეს დავით სარაჯიშვილისთვის უთხოვია. სარაჯიშვილს ბოზარჯიანცებისთვის მიუმართავს და ასე აღმოჩნდა იოსებ ჯუღაშვილი თამბაქოს საწარმოში. ამ ფაქტის გამო სარაჯიშვილს გარკვეული უსიამოვნებაც შეხვდა. სტალინმა მოახერხა და საწარმოში მუშების გაფიცვას გაუკეთა ორგანიზება, რამაც ბუნებრივია ბოზარჯიანცების უკმაყოფილება გამოიწვია და უსაყვედურეს კიდეც სარაჯიშვილს – ეს რა კაცი გამოგვიგზავნეო. გასაბჭოების შემდგომ ბოზარჯიანცის თამბაქოს მუშაობა არ შეუწყვეტავს, აქ იწარმოებოდა ცნობილი სიგარეტი „პრიმა” და „ყაზბეგი“. სხვათა შორის,  ბოზარჯიანცები იმითაც არიან ცნობილი,  რომ  მათ ტფილისში, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო შენობა აუგიათ.

cwZeqWPდანიელ ჭონქაძის ქუჩაზე მდგარი სამსართულიანი შენობა, რომელიც „მადამ ბოზარჯიანცის სახლის“  სახელით იყო ცნობილი, ტფილისელი არქიტექტორის, მიხეილ ოგაჯანოვის პროექტით აშენდა. 1915 წელს ეს სახლი თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო. „მადამ ბოზარჯიანცის სახლი“იმითაც არის საინტერესო, რომ ის საბჭოთა დროს გადაღებულ ორ ცნობილ ფილმში ფიგურირებს: „გაზაფხულის 17 გაელვება” და „დათა თუთაშხია“.

კომენტარი