ტყუილად დახარჯული 213 მილიონი – თბილისის შემოვლითი რკინიგზა აღარ აშენდება

ტყუილად დახარჯული 213 მილიონი – თბილისის შემოვლითი რკინიგზა აღარ აშენდება

7425
გაზიარება

დიდი ალბათობით, თბილისის შემოვლითი რკინიგზა აღარ აშენდება. როგორც თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ bm.ge-ის განუცხადა, თბილისის ზღვაზე გამავალი რკინიგზის პროექტი სამარცხვინოა და მისი განხორციელება ქალაქისთვის წამგებიანი იქნება. ბოლქვაძის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზა“ რამდენიმე ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს. ახალი პროექტის დამტკიცებამდე კი ქალაქში არსებული რკინიგზის დერეფანი შენარჩუნდება.

tbilisis_shemosavleli

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 2010 წელს დაიწყო, 2013 წელს შეჩერდა. მშენებლობის შეჩერების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად პროექტის არარენტაბელურობა დასახელდა. „ საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც  MC Mobility Consultants GmbH-მა მოამზადა, გამოიკვეთა მთელი რიგი ხარვეზები:

1 – მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით;

2 – ჯამური დანახარჯები, როგორც საოპერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდება 57%–ით;

3 – მთლიანი ხარჯი  მომდევნო 11 წლის განმავლობაში 26 მლნ. დოლარიდან  გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე;

4 – ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასვლელი ლიანდაგები (სადგური დიდუბე, სადგური თბილისი საკვანძო), ჯამურად 22კმ;

5 – სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით;

6 – აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

1 – წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება  12.2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით);

2 – მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35 %-ით;

3 – ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით;

4 -ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით;

rkinigza

რკინიგზის ქალაქიდან გატანის კატეგორიული წინააღმდეგია სატრანსპორტო პლატფორმა“ჰაბ ჯორჯიას“ ექსპერტი დავით გოჩავა.  სპეციალისტის განმარტებით, რკინიგზის ქალაქგარეთ გატანა ეწინააღმდეგება თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარების ლოგიკას.
„საქმე იმაშია, რომ თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ცენტრალურ მდგენელს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტი და მის გარშემო ხდება ტრანსპორტის სხვა სახეობების კონსოლიდაცია.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფანი, ანუ “ანაკლია – ბაქო” სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს, თუ ამ დერეფანში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე არ იქნება მინიმუმ 250 კმ/სთ. ეს კი რკინიგზის ქალაქგარეთ გატანის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.შესაბამისად, თუ შემოვლითი რკინიგზა შევა ექსპლუატაციაში, მაშინ საქართველოს არ ექნება High Speed Rail, ეს კი დაუშვებელია, თუ გვინდა ქვეყნის განვითარება“, -აცხადებს გოჩავა.

pass_geo

შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისში უნდა მომხდარიყო ცენტრიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. უქმდებოდა რკინიგზის ცენტრალური სადგური და რჩებოდა ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში. ეს სადგურები მოემსახურებოდნენ მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, დასავლეთის სადგური მოემსახურებოდა დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს, ხოლო აღმოსავლეთის სადგური მოემსახურებოდა თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს, პერსპექტივაში კი თურქეთის მიმართულებით მატარებლებსაც.

cms-image-000001027ეს ორი სადგური იქნებოდა ჩიხური და მოხდებოდა მათ შორის არსებული ლიანდაგის და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რაც საერთო ჯამში, 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებდა. სატვირთო შემადგენლობებს მოემსახურებოდათ არსებული მახარისხებელი აფრიკაში და ორი ახალი სადგური შემოვლით ხაზზე – ლილო-2 (სოფელ ნასაგურთან) და კვირიკე (ამავე სახელობის ხევთან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით). პროექტს ახორციელებდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.

Tunnel pic for blog

არსებული მდგომარეობით,შემოვლით რკინიგზაზე უკვე აშენებულია 4 გვირაბი: ავჭალასთან 1050-მეტრიანი, გლდანის დიდ ტბასთან, გლდანის ციხესთან 800-მეტრიანი და კვირიკეს ხევთან 1200-მეტრიანი. საერთო ჯამში, ამ ყველაფერზე უკვე დაიხარჯა 213 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (პროექტის ბიუჯეტის 65 პროცენტი). სპეციალისტების განმარტებით, იმისათვის, რომ პროექტმა საბოლოო სახე მიიეღოს, საჭიროა  დამატებით 137 მილიონი დოლარი.

map_1

პროექტის მომხრეთა მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოვლითი რკინიგზა აშენდება, თბილისის ცენტრში გამოთავისუფლდება სარკინიგზო ინფრასტუქტურის მიერ დაკავებული ტერიტორია, რომელიც ურბანული განვითარებისთვის იქნება გამოყენებული. გამოთავისუფლებული ტერიტორიის ურბანული განვითარება ხელს შეუწყობს  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას. შემცირდება ხმაური და გარემო ნაკლებად დაბინძურდება. ფეთქებადსაშიში ტვირთის ქალაქგარეთ გადატანით, გაიზრდება უსაფრთხოება.

227789242

როგორც გაირკვა, ეს არგუმენტები ნაწილობრივ მიუღებელია სპეციალისტთა იმ ჯგუფისთვის, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მოამზადა. როგორც”სიტი ინსტიტუტი საქართველოში” აცხადებენ,  სატვირთო გადაზიდვების ქალაქგარეთ გატანას ისინი არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა არსებული პროექტის გაგრძელება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, კვლევის საგანი შეიძლება გახდეს სამგზავრო მატარებლების ქალაქგარეთ გაყვანის საკითხი.  დიდი ალბათობით, მათ პოზიციას თბილისის მერიაც იზიარებს. ცნობილია, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის გენერალური გეგმა მერიამ მოიწონა და საკრებულო დიდი ალბათობით აგვისტოს ბოლომდე  დაამტკიცებს. შესაბამისად, გამოდის, რომ შემოვლითი რკინიგზა, იმ ფორმით როგორც ჩაფიქრებული იყო აღარ  აშენდება და 213 მილიონი დოლარი ტყუილად დაიხარჯა.

კომენტარი