შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივა -7.4 კილომეტრიანი გვირაბი თბილისის ცენტრში

შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივა -7.4 კილომეტრიანი გვირაბი თბილისის ცენტრში

449
გაზიარება

“საქართველოს რკინიგზამ” თბილისის შემოვლითი რკინიგზის ძველი პროექტის შესახებ კვლევები დაასრულა. ამის შესახებ “საქმის კურსს” “საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
“თქვენ იცით, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტს საოპერაციო პრობლემები ჰქონდა. ის საოპერაციო ხარჯებს 57%-ით აუარესებდა, გამტარუნარიანობას კი 25%-ით ზღუდავდა, შესაბამისად, ყველანაირი კვლევა, რაც კი შეიძლება ჩატარებული იყოს ამ პროექტის ირგვლივ, ჩატარებულია”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანას, აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ამისთვის რამდენიმე სცენარი განიხილება, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია.
“არსებობს დომინანტი სცენარი, რომლის მიხედვით, ქალაქში გვირაბი უნდა გავიდეს. ეს ეკოლოგიურ და ქალაქის განვითარების ურბანულ პრობლემასაც მოაგვარებს, რადგან გამოთავისუფლდება მიწის ნაკვეთი. ასევე განიხილება ვარიანტი, რომ მხოლოდ სამგზავრო და ურბანული მიზნებისთვის ორი ხაზი დარჩეს, რაც სხვადასხვა უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს”, – განაცხადა კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გვირაბი 7 კილომეტრი და 400 მეტრი სიგრძის იქნება, რომელიც ისნის რაიონში დაიწყება და დიდუბის რაიონში დასრულდება.
“გადაწყვეტილება მალე უნდა იყოს მიღებული, რადგან დასკვნა და მეტი კვლევა საჭირო არ არის. ჩვენი მხრიდან ყველა კვლევა ჩატარებულია”, – განმარტა აკაკი საღირაშვილმა.
ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზაში” არ აკონკრეტებენ, რა დაჯდება ახალი პროექტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია, საიდანაც 210 მილიონამდე უკვე დაიხარჯა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება “საქართველოს რკინიგზას” განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.

წყარო : gbc.ge

კომენტარი