ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის გენგეგმაზე: დოკუმენტი შესაბამისობაშია იმ გამოწვევებთან, რაც დღეს ქალაქს...

ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის გენგეგმაზე: დოკუმენტი შესაბამისობაშია იმ გამოწვევებთან, რაც დღეს ქალაქს უდგას

115
გაზიარება

„თბილისის გენგეგმა,შესაბამისობაშია იმ გამოწვევებთან,რაც დღეს ქალაქს უდგას“,-აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრმი, ვახტანგ შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  დედაქალაქში იყო დიდი ურბანული უწესრიგობა,  რაც კომპლექსური მიდგომებით დაიძლევა და გამოსწორდება.
„მივიღეთ დახვეწილი დოკუმენტი, რომლის აღსრულებაც და რომლის შესაბამის ეტაპებზე ეფექტიანი განხორციელება უზრუნველყოფს იმ ურბანული უწესრიგობის დასრულებას, რაც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენს ქალაქში ხდებოდა.
ეს დოკუმენტი, მართლაც, გვთავაზობს მაგისტრალურ გადაწყვეტილებებს. შემდეგ უკვე მთავარია ის ეტაპები, რომელიც გაწერილია გენერალური გეგმის ერთერთ დანართში, რომელიც განხორციელების ეტაპებს მოიცავს.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეიქმნას გადამეტებული წარმოდგენა. ამ წერილობით დოკუმენტს არ შეუძლია აბსოლუტურად გამოასწოროს ის მდგომარეობა, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით გაფუჭდა. მე ვახსენე ურბანული უწესრიგობა,  ეს ყველა კომპონენტს მოიცავს, როგორც სატრანსპორტოს, ისე  სამშენებლო, ეკოლოგიის, გამწვანების კომპონენტს. ეს იყო ერთი დიდი ურბანული უწესრიგობა, რაც კომპლექსური მიდგომებით არის დაძლევადი და გამოსწორებადი.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გვთავაზობს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მაგრამ მაინც ეს არ არის სახარების ოთხთავი, ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელსაც ყოველთვის სჭირდება გადახალისება, განახლება“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმატში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პრეზენტაცია მოისმინეს. თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალური გეგმის დეტალური განხილვები უკვე კომისიებში გაიმართება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე  ორგანიზაცია, “სითი ინსტიტუტი საქართველომ” იმუშავა.

კომენტარი