რა შემთხვევაში გადაგვიხდის გამგეობა ბინის ქირას?

რა შემთხვევაში გადაგვიხდის გამგეობა ბინის ქირას?

1206
გაზიარება

ბინის ქირის გადახდა ერთ-ერთია იმ იძულებითი ვალდებულებებიდან, რომლებიც, მატერიალური კუთხით, ადამიანების მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებენ. დღესდღეობით, თბილისში საცხოვრებელი სახლის ქირას იხდის ყველა: დედაქალაქში გადმოცხოვრებული, დროებითი მაცხოვრებელი თუ ადგილობრივი, რომელიც დაბადებინავე თბილისში ცხოვრობს. ბევრს, განსაკუთრებით კი, მათ, რომელთა მშობლები და წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ, თუმცა რიგი მიზეზების გამო, დაკარგეს. სამწუხაროდ, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფო, დღესდღეობით, ბინით ყველას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქალაქის ხელმძღვანელობამ, კერძოდ კი, გამგეობამ ეს პრობლემა მოგიგვაროთ.

ქირის კომპენსაციით დაკმაყოფილებას გამგეობა საკრებულოს მიერ მიღებული, სპეციალური დადგენილებით ახორციელებს, რომელიც განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის, ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გადახდას. კომპენსაციის მიმღები პირი შეიძლება გახდეს ისეთი მოქალაქე, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაში იყო თბილისის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოებების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი, თუ რა თქმა უნდა,  ეს პირი ცხოვრობდა  ამ ფართში უშუალოდ მის ამორტიზებამდე, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში და მოცემული მომენტისთვის არ აქვთ ქირის გადახდის საშუალება. ხოლო განცხადების წარდგენის მომენტამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ქირის თანხას გამგეობა გასცემს ან სრულად, ან ნაწილობრივ. 300 ლარის ოდენობით თავად გამგეობა, მეტის შემთხვევაში კი, ქირის კომპენსაციას ნიშნავს მთავრობა. ქირით გაყვანის დადგენილება განისაზღვრება ერთი წლით, მომდევნო წლისთვის გამგეობა გამოსცემს ახალ ბრძანებას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

აღნიშნულ დადგენილებას აქვს, ასევე, მეცხრე მუხლი, რომელიც გამონაკლის წესს შეიცავს. კერძოდ,  განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგებელს აქვს უფლება, მიიღოს და გასცეს ქირის კომპენსაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან მძიმე სოც-ეკონომიკურ ან საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირებისთვის, აგრეთვე, სტიქიური უბედურების ( მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის (მძიმე მდგომარეობაში შედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაყიდული ბინის არსებობა, რომლის დამადასტურებელი საბუთები, ფორმა ასით თუ სხვა, საავადმყოფოს შესაბამისი კალკულაციით იქნება წარმოდგენილი). გამგეობა არ აკმაყოფილებს ბიზნესის ან სხვა სარგებლის გამო, იპოთეკაში ჩადებული ბინის დაკარგვით, უსახლკაროდ დარჩენილებს.

ასე რომ, აუცილებელი არაა, ამ დახმარების მისაღებად, სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებდეთ ან არ გაგაჩნდეთ არავითარი შემოსავალი. მთავარია, დამტკიცდეს, რომ სახლმწიფოს მხრიდან ბინის ქირის გადახდა თქვენ ნამდვილად გჭირდებათ. მოკლედ, მთავარი თქვენი ისტორია და ვითარებაა, რომელშიც ცხოვრობთ ან მიზეზი, რომლის გამოც სახლი დაკარგეთ. ამ ყველაფერზე შემდეგ სპეციალური კომისია იმსჯელებს.

☑️როგორ უნდა მოიქცეთ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერს თქვენი კონკრეტული ისტორია და მდგომარეობა გადაწყვეტს. ჯერ თქვენ უნდა დააზუსტოთ, თუ რომელ რაიონს მიეკუთვნებოდა თქვენი დაკარგული კერძო საკუთრება, შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდეთ შესაბამისი რაიონის გამგეობას და ჩაეწეროთ გამგებელთან მიღებაზე, რომელიც კვირაში, მინიმუმ, ერთხელ იმართება. თქვენ გამგებელს თქვენი პრობლემის შესახებ მოუყვებით და იმ გარემოებებსაც განიხილავთ, რომლებმაც თქვენი ბინის დაკარგვა გამოიწვია. შემდეგ ამ ყველაფერზე ზემოხსენებული სპეციალური კომისია იმსჯელებს და დადებითი გადაწყვტილების შემთხვევაში, იმავე რაიონში საცხოვრებელ ფართს გამოგიყოფენ.


მოკლედ, სულ ეს იყო. ნებისმიერი დამატებითი და დეტალური პროცედურის შესახებ ინფორმაციას, ინდივიდუალურად, თავად გამგეობაში მოგავწდიან. ჩვენ კი გირჩევთ, აღნიშნული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოთ გამგეობებს. ცხადია, დახმარების გარანტია არ არსებობს, თუმცა, როგორც მინიმუმ, ცდად ნამდვილად ღირს. ამას, ალბათ, ისიც დაადასტურებს, რომ ამ სერვისით არაერთი ოჯახი სარგებლობს. მაგალითად, დიდუბის რაიონის გამგეობა, დღესდღეობით,  ბინის ქირით 57 ოჯახს უზრუნველყოფს. რასაკვირველია, ბინის ქირის კომპენსაციას მოსახლეობას ყველა რაიონის გამგეობა უხდის, კერძოდ:

  • ვაკის რაიონის გამგეობა – 168 ოჯახი
  • სამგორის რაიონის გამგეობა – 213 ოჯახი
  • ისნის რაიონის გამგეობა – 228 ოჯახი
  • კრწანისის რაიონის გამგეობა – 176 ოჯახი
  • საბურთალოს რაიონის გამგეობა –  95 ოჯახი
  • ნაძალადევის რაიონის გამგეობა – 342 ოჯახი
  • ჩუღურეთის რაიონის გამგეობა – 144 ოჯახი
  • მთაწმინდის რაიონის გამგეობა – 125 ოჯახი
  • გლდანის რაიონის გამგეობა – 88 ოჯახი.

კომენტარი