როგორ და რა სიხშირით ირეცხება საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

როგორ და რა სიხშირით ირეცხება საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

1180
გაზიარება

თუ საზოგადოებრივი ტრანპსორტის სისუფთავეზე ყოველდღიურად არ ვიზრუნებთ, მგზავრობა, რომელიც კომფორტულობით დიდად ვერ დაიკვეხნის, რასაკვირველია, უფრო არაკომფორტული გახდება. ცხადია, სისუფთავეს დაცვა თავად მგზავრების მხრიდანაც სჭირდება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მდგომარეობაში იწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილით. ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა, ავტობუსსა და მეტროზე შევაჩეროთ.
როგორც “სითი კვირას” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, ყველა ტიპის ავტობუსი საღამოს, ბაზაში დაბრუნების შემდედ, ტექნიკურ შემოწმებასაც გადის და სუფთავდება კიდეც. ავტობუსებს გარედან მექანიკურად, სპეციალური საპნით რეცხავენ, ხოლო შიდა სივრცეს ხელით, სველი წესით წმენდენ. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ გადის ავტობუსი ხაზზე. თვეში ერთხელ კი, გენერალური ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ავტობუსებს სპეციალური ხსნარების გამოყენებით აწესრიგებენ.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ “მანის” ავტობუსებისთვის ავტობაზაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სპეციალური სამრეცხაო, რომელიც ყვითელი “ბოგდანის” ავტობუსების გარეცხვაზეცაა გათვლილი. კერძოდ, ავტობაზის ტერიტორიაზე გასულ წელს დამონტაჟდა გერმანული ფირმის WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც, წყლის გაფილტვრისა და რეცირკულაციის საშუალებით, მოხმარებული წყლის რაოდენობას 70%-მდე ამცირებს. ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსები 5-7 წუთის განმავლობაში ირეცხება. დანადგარი ავტომატურია და დისტანციურად იმართება.
ყოველდღიურად ასუფთავებენ მეტროს ვაგონებსაც. ვაგონების სალონი სველი წესით იწმინდება. იწმინდება სავარძლები, სახელურები, სალონის ფანჯრები, სათაო ვაგონის საქარე მინა და სარკეები. თვეში ერთხელ კი, ვაგონები გენერალურად სუფთავდება. ამ დროს იყენებენ სპეციალურ ხსნარებს, რომელთა საშუალებითაც ინტერიერში არსებულ ყველა დეტალს წმენდენ. მტვერსასრუტით აწესრიგებენ მოძრავ შემადგენლობებს, ხოლო ვაგონების იატაკს სპეციალური მოწყობილობებით რეცხავენ. იატაკზე ლაქების მოსაშორებლად ტექნიკურ საშუალებებსაც იყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ვაგონების დასუფთავების დროს გამოყენებული ხსნარები ქარხნული წარმოებისაა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

კომენტარი