თბილისში 10-მილიონლარიანი მულტიფუნქციური ცენტრები აშენდება – რა დეტალებია ცნობილი?

თბილისში 10-მილიონლარიანი მულტიფუნქციური ცენტრები აშენდება – რა დეტალებია ცნობილი?

5400
გაზიარება

მალე თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში მულტიფუნცქიური ცენტრების მშენებლობა დაიწყება. თითოეული ცენტრი საჭიდაო დარბაზს, სტადიონს, საცურაო აუზს, კულტურული ხასიათის დარბაზსა და სხვადასხვა დანიშნულების მატარებელ კიდევ ბევრ სივრცეს  მოიცავს. პირველი ცენტრები დიდ დიღომსა და ვარკეთილში მოეწყობა. როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ განუცხადა, ამჟამად ცენტრების პროექტირება მიმდინარეობს, რაც სექტემბერში დასრულდება, ხოლო ოქტომრიდან უკვე ტენდერი გამოცხადდება.
“ქართული მხარე ესპანეთში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე მულტიფუნქციური ცენტრების კონცეფციას გაეცნო. თითოეული ცენტრი 5000-დან 7000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გაშენდება და დროის სასიამოვნოდ გატარების, განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობას მთელი რაიონის მოსახლეობას მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების სტანდარტები სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების ჩატარების საშუალებასაც მოგვცემს. გარდა ამისა, სპორტულ ცხოვრებას კულტურულიც შეერწყმება და ჩვენს მოსახლეობას შესაბამისი დანიშნულების დარბაზებით სარგებლობაც შეეძლებათ.”-აღნიშნავს მაჟორიტარი.
ავთანდილ ცინცაძის ინფორმაციით, თითოეული ცენტრის აშენებას 10 მილიონ ლარამდე დასჭირდება. დეპუტატის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა ის ფაქტი, რომ ცენტრების მშენებლობა სწორედ საბურთალოს რაიონიდან იწყება.
“მე, როგორც მაჟორიტარს, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ სწორედ ჩემი რაიონი იქნება პირველი, რომელიც თავის მოსახლეობას ევროპული სტანდარტების მულტიფუნქციურ ცენტრს შესთავაზებს. წინასაარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება  სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო, რაც, ასაკის განურჩევლად, ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამაზე საუბარი კი გაცილებით ადვილია მაშინ, როცა ქალაქის მერი კახი კალაძეა.”- აღნიშნავს მაჟორიტარი.
რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, დიღმის მულტიფუნქციური ცენტრი სკოლა “ფესვების” მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის ცენტრი ვარკეთილი 3-ის მე-3 მ/რ-ის N319 კორპუსის მიმდებარედ განთავსდება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი სექტემბერში, პროექტირების დასრულებისთანავე გახდება.

კომენტარი