12 ავტოფარეხის ადგილას გაშენებული ბაღი ნუცუბიძის N127-ში

12 ავტოფარეხის ადგილას გაშენებული ბაღი ნუცუბიძის N127-ში

657
გაზიარება

ვაკის რაიონში ეზოების, სადარბაზოების, საერთო სარგებლობის ქონების მოვლის პროცესში გამგეობასთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიც აქტიურად არიან ჩართულები.
სხვადასხვა მისამართებზე, ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი ინიციატივითა და ფინანსებით, გაშენებული აქვთ ბაღები, მოპირკეთებული აქვთ ეზოები. მათ შორისაა, ნუცუბიძის ქ. N 127-ის ეზო.
აქ მცხოვრები ვაჟა კვარაცხელიას ინიციატივითა და მეზობლების ჩართულობით, 12 ფარეხის ადგილას გაშენდა ბაღი, დაირგო სხვადასხვა ყვავილები, მცენარეები, მათ შორის ვერცხლისფერი ნაძვები და ბაღი დეკორატიული ნაკეთობებით მოეწყო.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ევროპაში ბევრს ვმოგზაურობ და ვხედავ, როგორი ბაღები აქვთ. ყვავილებიც ძალიან მიყვარს. ამიტომ გამიჩნდა ეს იდეა, რომ უკანონოდ აშენებული 12 ფარეხის ნაცვლად, ამ ადგილას ბაღი მოგვეწყო. ფარეხები მერიის დახმარებით დავანგრიეთ. გამოჩნდა ასეთი დიდი სივრცე. ექვსი სატვირთო მანქანა ნაგავი გავიტანეთ. ამის მერე შემოვიტანეთ მიწა და თანხის შეგროვება დავიწყეთ. მცენარეები შევიძინეთ, რამდენიმე მცენარე კი გვაჩუქეს. იდეა ჩემია, მაგრამ მეზობლები ფინანსურად, ფიზიკურად და მორალურადაც გვეხმარებიან. ბაღში სამი ვერცხლისფერი ნაძვი გვაქვს. ერთი დიდი ნაძვი არის რაჭიდან, რომელსაც ყოველ ახალ წელს ვრთავთ და სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი, ბავშვებთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ასევე, დარგული გვაქვს ბანანი, პალმა და სხვა მცენარეები. ეზოს გალამაზების პროცესში ბავშვებიც არიან ჩართულები, რაც ძალიან სასიამოვნოა“, – აღნიშნავს მშენებელი და კალათბურთის დამსახურებული მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ყველა ამხანაგობის წევრებს მოუწოდებს, საკუთარი ეზოების კეთილმოწყობაში თავადაც ჩაერთონ.

კომენტარი