რობაქიძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო – ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი გამოიყო

რობაქიძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო – ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი გამოიყო

207
გაზიარება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს.
თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება.
„ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რათა შემდეგ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე, დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაოების ფარგლებში ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება,  მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს.
რობაქიძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად,  მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ.

კომენტარი