ჩემზე და თბილისზე – გიორგი ასათიანის ბლოგი

ჩემზე და თბილისზე – გიორგი ასათიანის ბლოგი

2617
გაზიარება

იმით დავიწყოთ, რომ ბოლო დროს თბილისის იერსახე შესამჩნევად შეიცვალა… მართალია, უკეთესობისკენ, თუმცა ძველ იერსახესაც თავისი შარმი ჰქონდა. კახა კალაძემ უცხოური აბრები რომ აკრძალა, ეს ძალიან მოუხდა ქალაქს. ზოგადად, კახა ბევრ კარგ რამეს აკეთებს, რასაც ნარმანიაზე ვერ ვიტყვით. მარტო ის გაუგებარი მილიონი ხე რად ღირდა… მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ქალაქს პატრონი ჰყავს. იერსახეზე სააკაშვილმაც იზრუნა, მაგრამ მაშინდელს შეგვიძლია, ბუტაფორია, დავუძახოთ.
მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ, ცენტრალურ უბანში, ჭონქაძეზე. ვხედავ, რომ გამალებული მშენებლობა მიდის. ფასადიდან არ ჩანს, რომ სეისმური კუთხით, მშენებლობები არასწორად მიმდინარეობს. ანზორ საკანდელიძე ამ ხიფათის შესახებ ყველა ბოლოდროინდელ პრემიერმინისტრს წერდა. ძველი პლეადის ხალხი, რომელიც ამ კუთხით ძალიან განათლებულია, განგაშს ტყუილად არ ატეხდა, ამიტომ ამას კარგად უნდა შემოწმება. თანამედროვე ყველაფერი კარგია, ეს პროგრესია, თუმცა არა ევოლუცია. რეალურად, ამას ადაპტაცია უფრო ჰქვია, გარემოს შესაბამისი სახეცვლილების ფორმატი. ჰოდა, ადაპტაციისა და ტექნიკური პროგრესის კუთხით, თბილისი მნიშვენლოვნად შეცვლილია. თუ კახა კალაძე იმ მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს, ნამდვილად კარგი იქნება.
მოკლედ, იერსახის და ტექნოლოგიური განვითარება მიშას დროს დაიწყო. შემდეგ ყველაფერმა, უბრალოდ, უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საზოგადოებას…
ბოლო წლებში ხალხს გამოღვიძება დაეტყო. 2011-2012 წლებიდან ძალიან დიდი მოლოდინები იყო. ხალხს თავისუფლების უზარმაზარი ხარისხი მიეცა. სააკაშვილის დროს კუდი წყვეტდა ყველაფერს და როცა ვთქვი, ტელევიზიის გაკეთება მინდა-მეთქი, შემომითვალეს, ხელი არ გაანძრიოო. ნუ, ხომ ხვდებით… 2011 წელს 1 კვირაში გავაკეთე ტელევიზია, რომელმაც ხალხის გულებში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური გარემო უკეთესობისკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს უშუალოდ ერთი პიროვნების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მეორე მხრივ, დაპირებების შეუსრულებლობამ მათი ელექტორატის შემცირება გამოიწვია. ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით. პროცენტული კონტრასტი, მდიდრებსა და ღარიბებს შორის, გაიზარდა, საშუალო ფენა მეტად გაღარიბდა. სააკაშვილის დროს ნაღდი ფული უფრო ტრიალებდა, თუმცა საიდან და როგორ მოდიოდა, ეს სხვა თემაა. მე პირადად, ეს პრობლემა არ შემხებია და პირიქით, თუმცა გააჩნია, ვინ სად მუშაობს. ამის მიუხედავად, ხალხს უნდა ჰქონდეს საარსებო მინიმუმი.
პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს – შეიძლება, მყარი საზღვარი გაევლოს მჟავანაძისა და შევარდნაძის ეპოქას შორის. მამა გაბრიელს ტყუილად არ უთქვამს, შევარდნაძეზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლიაო. ისიც თქვა, უფალთან არც ის დაეკარგება, გაბრიელს პური და ღვინო რომ შეუგზავნაო (ეს 1965 წელს მოხდა, როცა მამა გაბრიელმა ლენინის სურათი დაწვა. მაშინ მჟავანაძის ეპოქა იყო და შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ.)
მე 1960 წელს დავიბადე და ბერია უკვე გადრდაცვლილი იყო. როცა ჩვენ სიმწვანეს ვხედავთ და ფუნიკულიორს ვაკვირდებით,  ეს სწორედ ბერიას დამსახურებაა. თბილისი ქვის გალავნით შემორტყმული ქალაქი იყო, რომელიც მან მწვანე ქალაქად აქცია (ვინ იყო პიროვნულად და რას წარმოადგენდა, ამაზე ნუღარ ვიდავებთ).
შემდეგ იყო მჟავანაძის ეპოქა, რომელიც ყველას უყვარდა. კაცი, ვითომ კომუნისტი, პროლეტარული, ქრისტიანული აზროვნებით იყო გამსჭვალული. ხალხზე ზრუნავდა და უამრავ სიკეთეს აკეთებდა. ხრუშჩოვის შემოტევა, რომელსაც, ყველანაირი გაგებით, საქართველოს მიწასთან გასწორება სურდა, სწორედ მჟავანაძემ აიცილა. უცებ ეპოქა იცვლება და ედუარდ ამბროსოვიჩი მოდის. მე პირადად ამ კაცის მადლიერი ვარ და ნათესავადაც მერგება. როცა მთაწმინდაზე სასტუმროს აშენდებდენ, ბებიაჩემის დის ქმარი მივიდა ცენტრალურ კომიტეტში და ედუარდს უთხრა, მანდ მე ვცხოვრობო. ედუარდმაც მშენებლობა გააჩერა. მართალია, სიკეთეც ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ მისი პერიოდის ზოგადი შეფასება დამანგრეველია. ამაზე ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ისევ თემას დავუბრუნდეთ.
მე ასპირანტურაში წავედი და 1983 წელს მოსკოვში დიპლომი დავიცავი. მერე 10 წელი ვმუშაობდი. ლაზერების სპეციალისტი ვარ. ყოველ წელს მოსკოვში დავფინავდი მივლინებაში. უნივერსიტეტშიც დაუსწრებელზე ვიყავი, ასპირანტი გახლდით. მერე პერესტროიკამ მომისწრო. 1992 წლიდან, როგორც კი ჩამოვედი, დისერტაციის მასალა შეგროვებული მქონდა. ამის მერე თბილისიდან საერთოდ აღარ გავსულვარ. ერთხელ ანტალიაში გავფრინდი დასასვენებლად და ამით მოგზაურობაც დამთავრდა.
მეცნიერებით სკოლიდან დავინტერესდი. მამაჩემიც, ფილოსოფოსი გურამ ასათიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტელი იყო. ის 1958 წლიდან გახლდათ დიდი საბჭოს წევრი, ფილოსოფიის საკანდიდატო მინიმუმების გამოცდების კომისიის თავმჯდომარე. მე ფიზიკა ბავშვობიდანვე ამოვირჩიე, რამაც შემდეგ უფლის შეცნობამდე მიმიყვანა. 29 წლამდე მოუნათლავი ვიყავი. მამაჩემი ათეიზმის კათედრის გამგე იყო. “ნათლიები” კი მყავდა,  თუმცა მხოლოდ ფორმალურად. ფიზიკურად, ნათლობის პროცესი არ ჩატარებულა. 9 აპრილის ამბების მერე დავიწყე ჭეშმარიტების ძებნა. მაინტერესებდა, რა იყო სიყვარული, მარადიულობა, უკვდავება… ეს კითხვები მიჩნდებოდა, როგორც ფიზიკოსს.
ელექტრომაგნიტურ ველს მარადიულობის თვისება აქვს. თუ ასეთი მატერია არსებობს ქვეყნად, რომელიც უკვდავია და არაფერი მოსდის, შესაბამისად, მისი შემქმნელიც უნდა არსებობდეს. ამას კი უკვე ღმერთის აღიარებამდე მივყავართ. მათემატიკა, ფიზიკა და ზოგადად, ყველაფერი ღვთის აღიარებამდე მიდის. არსებობს საწყისი, რომელიც არასდროს არ შექმნილა –  ენერგიის წყარო, აბსოლუტური გონი… რაც გნებავთ, დარქვით. დიდი აფეთქება სრული აბსურდია, რადგან ამ თეორიას პასუხი არ აქვს იმაზე, რა იყო მანამდე, რა აფეთქდა, როგორი იყო, სად იყო და როდის. ამბობენ, მემბრანები აფეთქდა, რაც სულ იყოო. სულ თუ იყო, ესე იგი, ისევ ღმერთამდე მივდივართ. სხვათა შორის, სექტემბრიდან ჩვენს გადაცემებში მე და დათო ევოლუციის თეორიის მიწასთან გასწორებას დავიწყებთ. გვაქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიდეომასალები, რომელთაც ვთარგმნით და ანალიზს გავუკეთებთ. ევოლუციის თეორიაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. როგორ შეიძლება იზოლირებულ სისტემაში დაბალი ფორმიდან ან არაფრიდან  წარმოიქმნას ახალი, მაღალი ფორმა?! არაიზოლირებულში კი ბატონო და ამ შემთხვევაში, არაიზოლირებული უსასრულო ენერგიის წყაროა.
ჰოკინგზე რომ საუბრობენ, მისი ნაწერები წაკითხული მაქვს და სასაცილოდ არ მყოფნის. ვინ არის ჰოკინგი, როცა პლანკი,  აინშტაინი,  ჰაიზენბერგი,  ბორი, შრედინგერი… ყველა ღმერთს ადიდებს. ეს ციტატები ჩემს გადაცემაში მყავს მოყვანილი. და კიდევ, ჩვენს შორის არავითარი გაყოფა არ მომხდარა. უბრალოდ, მე მეცნიერული კუთხით ვაკეთებ აქცენტს და დათო – რელიგიური. უფრო შორს რომ აღარ წავიდეთ, ისევ იმას გავაგრძელებ, რასაც გიყვებოდით.
1989 წელს, მას შემდეგ, რაც მოვინათლე, ჩემს ცხოვრებაში სხვა ეპოქა დაიწყო. ყველაფერი სწრაფად არ შეცვლილა, რადგან ადამიანი მონათვლის შემდეგ აღმსარებელი და მაზიარებელი უნდა გახდეს. მე მაზიარებელი 10 წლის შემდეგ გავხდი, მაგრამ 1989-ში მთელი ეს პროცესი დაიწყო. ყველაზე აქტიურ ფაზაში კი მაშინ შევიდა, როცა ოჯახი შევქმენი. ღვთის მადლი უკვე აქედან წამოვიდა.
ახლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სხვა რელიგიების მიმართ. რა თქმა უნდა, მათაც გავეცანი, როგორც ადამიანი, რომელსაც აინტერესებს, თუ რომელი რელიგია რას ქადაგებს. ყველა კონფესია აღიარებს, რომ ერთი ღმერთი არსებობს. მაშინ რომელია ის – ალაჰი, იესო, ბუდა თუ სხვა? გამოდის, რომ ყველა ეს თეორია, თავისი არსით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მათ აქვთ პოსტულატები, რომლებიც ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავდებიან. მეტიც, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის 250 დოგმატური და 9 კანონიკური სხვაობააა, თანაც ფუნდამენტურ საკითხებში. ქადაგებენ, რომ პაპი უცოდველია. ასეთი რამ ქრისტეს არ უთქვამს. აბატი როდესაც იღებს აღსარებას, აღმსარებლისგან “ფორთოჩკა” ჰყოფს. ვერ ვხვდები, ეს რა საჭიროა. მართლმადიდებელი მღვდლისგან განსხვავებით, კათოლიკე მღვდელი ამბობს – “მოგიტევებ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა…”- მე მოგიტევებ მისი სახელითო… რამხელა ამპარტავნებაა… მართლმადიდებელი მღვდელი რას აკეთებს? – შენდობის ლოცვას გიკითხავთ და უფალს ეხვეწება, რომ ჩვენც შეგვინდოს და მასაც, რომელიც შუამავლად ჩადგა. სულ სხვა კონტექსტია… პროტესტანტებსა და ბაპტისტებზე აღარ გავაგრძელებ. მუსულმანობაზე როცა ვსაუბრობთ, ავიღოთ მე-9 სურა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ურჯულო უნდა მოკვდეს ან რჯულზე უნდა მოექცეს. ჩვენ ქრისტე რას გვეუბნება? – გიყვარდეს მტერი შენი, დალოცე შენი მაწყევრები და კეთილი უყავ ბოროტის მქმნელებსო.  შეიძლება ეს ერთი და იგივე ღმერთის დაწერილი იყოს?  დაფიქრდით…
წმინდა საფლავზე ყოველ შაბათს ცეცხლის გადმოსვლა კი ერთ-ერთი უძლიერესი არგუმენტია იმისა, რომ ჭეშმარიტება სწორედ აქ არის. სწორედ ჩვენ დაგვაჯილდოვა უფალმა მირონმდინარე ხატებით, უხრწნელი სხეულებით და სხვა მართლმადიდებლური სასწაულებით.
და ბოლოს, თუ ვინმე არასწორად ცხოვრობს, მეც მათ რიცხვში შევდივარ, ცოდვილი ვარ, მაგრამ ვნანობ, აღსარებას ვაბარებ და ვეზიარები.

კომენტარი