რა იცვლება სამშენებლო ნორმების რეგულირების მხრივ?

რა იცვლება სამშენებლო ნორმების რეგულირების მხრივ?

653
გაზიარება

საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“, ინიციატივა გაიზიარეს, რომელიც  სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას, მათ ფაქტობრივ შენარჩუნებასა და განვითარებას ეხება. ინიციატივა აისახა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში”. ფრაქციის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობების საფუძველზე მოხდა ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის ერთგვარი ჰარმონიზება ახალ „მშენებლობის კოდექსთან“, რაც რამდენიმე ძირითად სამართლებრივ-პოლიტიკურ პოსტულატს ეფუძნება:
1. ინიციატივის უმთავრესი მიზანია სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, აღნიშნული სივრცეების დაცვა, შენარჩუნება და განვითარება;
2. აღნიშნული ტერიტორიები განსაკუთრებული რეგულირების ზონებს უნდა წარმოადგენდეს და უშუალოდ საქართველოს მთავრობის კომპეტენციისა და კონტროლის ქვეშ უნდა იყოს მათი სივრცითი მოწყობა;
3. ამგვარ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე არ უნდა განხორციელდეს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომლებსაც არ გააჩნია განსაკუთრებული საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დანიშნულება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო პრინციპული საკანონმდებლო გადაწყვეტების მომხრეა, რაც, თავის, მხრივ, უპირობოდ მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მისაღწევად და იმისთვის, რომ შეიქმნას, შენარჩუნდეს და განვითარდეს ჯანსაღი ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცეები.
„მშენებლობის კოდექსის“ მე-3 მუხლში აისახა ფრაქციის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული რეგულირების ზონა შეიძლება მოიცავდეს სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ზონებს. აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპორტული, სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელი სივრცეების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მათი ერთ სისტემაში განვითარების პერსპექტიულობას.
ასევე, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარეს ფრაქციის პრინციპული პოზიცია სპორტული, სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელი სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული საკითხი აისახა „მშენებლობის კოდექსის“ 36-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, დასახლებას, მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილებს შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი, თუ არსებობს მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო და კულტურული ფაქტორები.
“საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარეს ფრაქციის ხედვა ჯანსაღ ზონებში სივრცისთვის შეუსაბამო მშენებლობების აკრძალვასთან დაკავშირებითაც, რათა აღარ მოხდეს ქაოსური განაშენიანება, რასაც დღემდე აქვს ადგილი თბილისსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ერთ-ერთ საწყის ნაბიჯს სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სამშენებლო კოდექსის 97-ე მუხლის მე-6 ნაწილი წარმოადგენს, სადაც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ინტერესი სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ქუჩაზე, სატრანსპორტო კვანძებში (მოედანზე), ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბსა და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის მშენებლობის აკრძალვას, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა. ამასთან, სკვერში, პარკში, ბაღებსა და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეებში – ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც არ გააჩნია საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან რეფორმასა და წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს სამშენებლო ნორმების რეგულირების მხრივ, რათა აღარ მოხდეს თვითმმართველობების გაუსხვისებელ ქონებაში, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეებში ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლებსაც არ გააჩნია საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობა. აღნიშნულ სივრცეებში აღარ უნდა აშენდეს ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც, თავისი მიზნიდან გამომდინარე, არ ემსახურება საზოგადოების აუცილებელ და სოციალურ ინტერესს.
თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ კანონის ამოქმედებამდე, რჩება კანონით მოუწესრიგებელი სამართლებრივი სივრცე აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ფრაქციის ძირითადი საკანონმდებლო ინიციატივა იქნეს დროულად მიღებული პარლამენტის მიერ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მშენებლობის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც, აუცილებელი იქნება სპეციალური კანონმდებლობის შემუშავება სპორტულ-გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შემუშავდეს საქართველოს პარლამენტის მიერ, რასაც რეალურად ითვალისწინებს ახალი „სამშენებლო კოდექსი“, – ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი