“გამწვანება ინვესტიციაა, ხოლო გამწვანებაში ფულის ჩადება – ქალაქის ღირებულების გაზრდა”

“გამწვანება ინვესტიციაა, ხოლო გამწვანებაში ფულის ჩადება – ქალაქის ღირებულების გაზრდა”

847
გაზიარება

“აგრომაქს დეკორის” სახელს თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში გამწვანების არაერთი პროექტი უკავშირდება. პოლონურ-ქართული კომპანია დეკორატიულ მცენარეებს, მათ შორის ხეებს, ბუჩქებსა და მრავალწლოვან ყვავილებს  აწარმოებს, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელ სახლებთან, მიმდებარე ქუჩებსა თუ სკვერებში გვხვდება. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანია საქართველოში მწვანე ინდუსტრიის გავრცელებითაა დაკავებული. შესაბამისად, მათი მთავარი ღირებულებაც  სიმწვანეა – ის, რაც თბილისს ყველაზე მეტად აკლია.
როგორ არჩევენ მცენარეებს კონკრეტული ლოკაციისთვის და როგორ ხედავენ თბილისის გამწვანების პრობლემატიკასა თუ პერსპექტივებს? გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია „აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებელთან, ვოიტეკ გრაბჩევსკისთან.

-უკვე 4 წელია, რაც ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენ თბილისთან ახლოს, სართიჭალაში შევქმენით საწარმო, სადაც დეკორატიული მცენარეების სანერგე გავაშენეთ და ევროპული სტანდარტებით, საქართველოსთვის ადაპტირებული სანერგე მასალების წარმოება დავიწყეთ.
კონკრეტულად, თბილისში ჩვენ გავამწვანეთ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, დიღომში მდებარე ახალი, ინოვატორული საცხოვრებელი კომპლექსი „გრინ დაიმონდი“, რითიც ძალიან ვამაყობთ. ეს პროექტი საინტერესოა ინვესტორებისთვის, მათთვის, ვისაც მშენებლობაში ფულის ჩადება სურთ, მშენებლობაში, რომელიც არამხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის, არამედ მთლიანი კომპლექსის, გამწვანებისა და საერთო მოხმარების სივრცის თვალსაზრისით, სწორად იქნება დაპროექტებული. ინვესტორებს ცხოვრების ხარისხის ამაღლება უნდათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ 3000-მდე ადამიანი იცხოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ადგილზე კარგი მიწა არ არის და წინასწარი განწყობებიც ნეგატიური იყო, ძალიან კარგი რამის გაშენება მოხერხდა. შედეგად, ჩენ მივიღეთ კომფორტული, ლამაზი და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სკოლაც კი არის.

41710841_241131993230347_8461583291110129664_n

-როგორ არჩევთ კონკრეტული ადგილისთვის მცენარეს და რა სპეციფიკა აქვს, ამ მხრივ, თბილისს?

-სანამ მცენარეს დავრგავთ, მანამდე საფუძვლიანად ვემზადებით – ვესაუბრებით კონკრეტული ადგილის სამომავლო მაცხოვრებლებს და ვადგენთ ლანდშაფტური დიზაინის პროექტს.
მაგალითად, როდესაც კერძო სახლისთვის ვმუშაობთ, იმ ოჯახის წევრები გვაწვდიან ინფორმაციას, თუ რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ბაღს, როგორ მოიხმარენ მას, იქნებიან თუ არა ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები, ალერგიის მქონე ადამიანები ან შინაური ცხოველები. ბოლო დროს ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან  ბავშვები ძალიან ხშირად ვერ იტანენ გარკვეულ მცენარეებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არსებულ  ვითარებას ვერგებით. გარდა ამისა, ვარჩევთ მცენარეების ფერთა გამას, სტილს, ვითვალისწინებთ არქიტექტურას, რათა ბაღი და სახლი ერთგვარ მთლიანობას და ჰარმონიას ქმნიდნენ.
რა თქმა უნდა, არის გარკვეული მცენარეები, რომლებიც ქალაქის ტიპის დასახლებებში გამოიყენება და მათი არჩევისას ერთ-ერთი კომპონენტი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ალერგიული ფონია. მაგალითად, თბილისისთვის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის მიმართ გამძლეობის კრიტერიუმიც მნიშვნელოვანია. პოლონეთში უკვე 20 წელია, ე.წ. ფოტოფილტრაციის პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რაც იმ მცენარეების შერჩევას გულისხმობს, რომლებიც ქალაქში კარცეროგენული მტვრით დაბინძურებული ჰაერის გაფილტვრას შეძლებენ. ეს მტვერი აღწევს ადამიანის სასუნთქ გზებში, ჩადის ფილტვებში, აღწევს სისხლში და იწვევს კიბოს. თბილისში ეს ძალიან აქტუალური საკითხია, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველა ავტომობილს ჯერ კიდევ არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება. სწორად დარგული და შერჩეული ხეები კი, ამ ქალაქის ჰაერის გასასუფთავებლად,  ერთადერთი საშუალებაა.
ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებობს სტატისტიკა, რომლის თანხმადაც, გზისპირა სახლებში მცხოვრებ ხალხს, რომელთაც სათანადო გამწვანება არ გააჩნიათ, ონკოლოგიური დაავადებები გაცილებით ხშირად აწუხებთ ვიდრე მათ, ვის სახლებთანაც გამწვანებაა.

41658983_338402006899683_5728942419550928896_n

-თქვენი აზრით, რა შეცდომებია დაშვებული თბილისში გამწვანების კუთხით?

-პირველყოვლისა, მინდა ყურადღება თბილისის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე გავამახვილო, რომლებსაც გარემოზე ძალიან დიდი, დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ვგულისხმობ საკომპენსაციო კანონის ცვლილებას იმ ხეების დარგვა-ჩანაცვლებაზე, რომლებზე პასუხისმგებელიც დეველოპერული კომპანიები არიან. ამ სიახლეს შეუძლია, შეცვალოს თბილისის იმიჯი და აამაღლოს ცხოვრების ხარისხი.
რაც შეეხება წარსულს, მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი დიდი რაოდენობით ხეების დარგვასთან დაკავშირებული პიარაქციების მიმართ. სინამდვილეში, ეს ქალაქს არ სჭირდება, რადგან ამ დროს ხეების ხარისხი და პარამეტრები იკარგება. მაგალითად, როდესაც თბილისში მილიონი ხის დარგვაზე ვსაუბრობთ, ყურადღებას ვამახვილებთ არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე, თუმცა არ ვითვალისწინებთ იმას, რომ, პირობითად, ორწლიანი, დაბალი და წვრილი მილიონი ხე ქალაქს არაფერს აძლევს. ეს სრულიად უსარგებლოა. ჯობია, დარგო 1 000 სქელტოტიანი, მრავალწლიანი და მაღალი ხე, ვიდრე მილიონი უსარგებლო, რომელიც ქალაქის პირობებში ვერ გაიხარებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომწონს, რომ თბილისის მერიამ უკვე შეზღუდა რაოდენობა და გაზარდა ხარისხი. მერიამ განსაზღვრა ხეების ჯიშები, რომლებსაც შუძლიათ, გაუძლონ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს და განსაზღვრა სანერგე ხეების დიამეტრი და სიმაღლე. ეს თბილისისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი პროგრესი და უსაზღვრო პოტენციალია. იმედი მაქვს, ამ ხერხს სხვა ქალაქების ხელმძღვანელობებიც მიმართავენ და საკუთარ ქალაქში ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებენ.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს სიმწვანის მიმართ?

41608604_472524989914723_2984165035565121536_n

-სიმართლე გითხრათ, საქართველო ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან მახსოვს, როდესაც თბილისი ძალიან გამწვანებული და ჰარმონიული იყო. რა თქმა უნდა, ამას განაპირობებდა ისიც, რომ ქალაქში ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა, ხალხიც ცოტა იყო. შემიძლია, ვქვა, რომ აქ მუშაობა ახლა ძალიან საინტერესოა, ვინაიდან აქ ყველაფერი მხოლოდ იწყება. მეორე მხრივ, თბილისლებს, როგორც სხვა ქვეყნების მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლებს, ძალიან უნდათ და სჭირდებათ სიმწვანე. ხალხი ელტვის ბუნებას, ელტვის ხეებს, ყვავილებს, ბაღებს, ბუჩქნარებს… ამას ჯერჯერობით ყველა ვერ აცნობიერებს, მაგრამ როდესაც ბუნების ნატურალურ სილამაზესთან პირისპირ დგებიან, როდესაც ქალაქგარეთ გადიან ან სხვა ქვეყნების პარკებში დააბიჯებენ, ან, თუნდაც, ჩვენს საშენში მოდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განსხვავდებიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან, რომელთაც ბუნება და სიმწვანე სჭირდებათ. მე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნილება გაცილებით ძლიერია აქ, თბილისში, ვიდრე დასავლეთ ერვოპაში- პოლონეთში. აქ ეს ყველაფერი ახალია და ფართო შესაძლებლობებია. რა თქმა უნდა, შესაცვლელია სტერეოტიპები – უნდა ვაჩვენოთ, დავუმტკიცოთ მოქალაქეებსაც და დეველოპერებსაც, რომ გამწვანება არა ახირება და უბრალოდ ხარჯი, არამედ ინვესტიციაა, ხოლო გამწვანებაში ფულის ჩადება – ქალაქის ღირებულების გაზრდა. მაგალითად, ნიუ-იორკში ცენტრალ პარკი გარკვეული თანხა ღირს და ყველა ქუჩის გამწვანება საცხოვრებელ სახლს ფასს უმატებს. გამწვანება იზიდავს მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, ბინების მეტ პოტენციურ მყიდველს. გამწვანებით მსოფლიოში ჯერ არავის წაუგია.

-როცა გამწვანებაზე ვსაუბრობთ, თქვენი შეფასებით, იგრძნობა თუ არა საქართველოში კომპეტენტური კადრების პრობლემა? 

-საქართველო მწვანე სფეროში კომპეტენტური კადრების დეფიციტს განიცდის. პრობლემა არამხოლოდ მმართველობით სფეროში გამოცდილი და განათლებული დიზაინერების, არამედ მებაღეების ნაკლებობაცაა. ჩვენ ვცდილობთ, ეს დეფიციტი შევავსოთ. პოლონეთში პრაქტიკანტები იმ იმედით მიგვყავს, რომ ამ სფეროში დარჩენა რომელიმეს მაინც მოუნდება. პერიოდულად უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოგვყავს. ჩვენი კომპანია პოლონეთში ამ საქმით უკვე 80 წელია, დაკავებულია, ხოლო საქართველოში ამის ანალოგი არ არსებობს.

41637591_1802906946430354_8175790274539159552_n

ანა პაპიძე

კომენტარი