„მიუღებელია“ – რას ერჩის მერია „სტაიანშიკებს“?

„მიუღებელია“ – რას ერჩის მერია „სტაიანშიკებს“?

944
გაზიარება

არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თბილისში, დაახლოებით, 3 ათასამდე “სტაიანშიკი” საქმიანობს. თუ ამ ბიზნესში მეტნაკლებად გარკვეულ ხალხს დავუჯერებთ, თითოეული “სტაიანშიკის” შემოსავალი დღეში ოცი, ოცდაათი ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 60 ლარსაც აჭარბებს, გააჩნია ლოკაციას. არასამთავრობო სექტორის გამოთვლებით, მუნიციპალურ ავტოსადგომებზე თვეში “სტაიანშიკები” მილიონ 800 ათას ლარს გამოიმუშავებენ. ოფიციალურად ისინი გაფორმებულები არსად არიან და თვითდასაქმებულად ითვლებიან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტშიც არაფერს იხდიან. როგორც თავად ამტკიცებენ, სამოქმედო არეალიც თავად მონიშნეს და ფულიც სახლში მიაქვთ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც ამ საკმაოდ სარფიან ბიზნესს აკონტროლებენ და მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ მათ ჯიბეში ილექება. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ე.წ. მაყურებლებს გავლენიანი მფარველები სახელმწიფო უწყებებშიც ჰყავთ. ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ეს ბიზნესი, ლეგალური თვალსაზრისით, სრულიად უკონტროლოა და “სტაიანშიკების” საქმიანობა საცობებით გადატვირთულ ქალაქში ავტომფლობელებს  სერიოზულ პრობლემებს უქმნის. რიგითი ავტომფლობელების განცხადებით, “სტაიანშიკები” აგრესიულ დაჯგუფებად გადაიქცნენ და მათი ნებართვის გარეშე, პარკინგი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

“იძულებული ხარ, ფული გადაუხადო, რომ ავტომობილი არ დაგიზიანოს”


“ფაქტობრივად, ორმაგ გადასახადს ვიხდით, ერთს ოფიციალურს და მეორეს “სტაიანშიკების მიერ დაწესებულს”


” მე, როგორც ერთმა რიგითმა თბილისელმა და მოქალაქემ რა შემიძლია ამას დავუპირისპირო?”


“ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ ჭირს არ მოაშორებს ქალაქს, ვერ მიიღებს ჩემს ხმას, თუნდაც ამის გამო”

როგორც გუშინ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არავის აქვს უფლება თვითნებურად დაისაკუთროს მუნიციპალური პარკირების სივრცე. “ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს იქნას მოწესრიგებული. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომლებზეც ადამიანები საფასურს იხდიან, ვინმემ, კონკრეტულმა პიროვნებამ შეუზღუდოს ავტომობილის გაჩერება. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე“, – დაავალა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს. ნიშნავს თუ არა მერის ეს განცხადება “სტაიანშიკების” ამ არალეგალური ბიზნესის დასასრულის დასაწყისს, გაურკვეველია. ყოველი შემთხვევისთვის, კალაძეს არ უთქვამს, როდიდან ვეღარ ვნახავთ დედაქალაქის ქუჩებში პარკირების პარტიზან მარეგულირებლებს.

კომენტარი