21 სექტემბრიდან „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი იწყება

21 სექტემბრიდან „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი იწყება

963
გაზიარება

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.
საპილოტე პროექტის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.
ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება.
შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – „კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.  ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის. ავტობუსს ექნება წარწერა – „ღამის ავტობუსი“.
საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

გაჩერებები:

  • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;
  • ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
  • ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
  • სტადიონი „დინამო არენა“;
  • დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
  • პირველი რესპუბლიკის მოედანი;
  • მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;
  • ევროპის მოედანი;
  • ვახტანგ გორგასალის ქ. #7 – აბანოებთან;
  • დოდაშვილის მოედანი;
  • მეტროსადგური „ისანი“;
  • მეტროსადგური „ვარკეთილი“;

კომენტარი