უბილეთო მგზავრობაზე კონტროლი მკაცრდება

უბილეთო მგზავრობაზე კონტროლი მკაცრდება

1269
გაზიარება

პარლამენტი  ტრასპორტითი უბილეთო მგზავრობაზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.
საუბარია, ტრანსპორტში მგზავრების უბილეთო მგზავრობაზე, ასევე, ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანაზე კონტროლის გამკაცრებაზე. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილებების მიზანია, რომ  საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირს მიენიჭოს  ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება.
კანონპროექტის  ინიციატორთა მოსაზრებით, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა იქმნება, რომ  სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხერხდეს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება. როგორც ირკვევა, არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება სამართალდამრღვევი პიროვნების დადგენა.  რამაც მაგალითად გამოიწვია, ის, რომ  2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნებულ იქნა 11 189 ქვითარი. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ადმინისტრაციული სახდელის დადება.
შეგახსენებთ რომ, უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში მოქალაქეები 5 ლარით, ხოლო საჯარიმო ქვითრის მიღებიდან 30 დღიანი ვადის გაშვების შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან.

კომენტარი