ეკა ლალიაშვილი – კარგია, რომ ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსები იკრძალება

ეკა ლალიაშვილი – კარგია, რომ ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსები იკრძალება

250
გაზიარება

კარგია, ერთი ფერი ტაქსები, მაგრამ  ფერთან ერთად აქცენტები დავსვათ   უსაფრთხოების ნორმებზეც, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ,  ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ  “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლალიაშვილი ტაქსების რეგულაციის საკითხს გამოეხმაურა, და აღნიშნა, რომ რეფორმას მხარს უჭერს.
„სწორი მიდგომაა რომ ეტაპობრივად ხდება რეფორმის განხორციელება. როცა ვსაუბრობთ ტაქსების ლიცენზირებაზე, მნიშვნელოვანია მოთხოვნები როგორც ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების, ასევე  მძღოლის კვალიფიკაციის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის, რომ ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება.
“უბრალოდ მეტი ინფრომაცია გვინდა ვიცოდეთ, რა ხდება მძღოლების მიმართულებით,  ეს რეფორმა გვჭირდება იმისთვის, რომ ავამაღლოთ გზებზე უსაფრთხოება, დღეს როცა გვაქვს უკმაყოფილება, ან შიშის განცდა ტაქსით სარგებლობისას, მაგალითად ის, რომ  მძღოლი არის გაუწონასწორებელი, ის ვერ მართავს სათანადოდ, არ არის ტაქსებში ჰიგიენური პირობები დაცული, სწორედ ამ გამოწვევებს უნდა გავცეთ პასუხი ამ რეფორმით.თუ ჩვენ არ გავამახვილეთ ყურადღება ამ პრობლემებზე, დაგვრჩება მხოლოდ თეთრი ტაქსები, რომელთაც ეყოლებათ მძღოლები კვლავ აგრესიულები, კვლავ უცოდინარები, კვლავ გაუწონასწორებლები“- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.
მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება.

წყარო:kvira.ge

კომენტარი