ქალაქი, რომელიც ყოველთვის მეძახდა

ქალაქი, რომელიც ყოველთვის მეძახდა

726
გაზიარება

მიმუშავია საზღვარგარეთ, ჰოლანდიაში, რაღაც პერიოდი ბელგიაშიც მიცხოვრია, ვყოფილვარ არაჩვეულებრივ ქვეყნებში არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით, სოციალური დაცვითა ა.შ. თუმცა თბილისია ქალაქი, რომელიც ყოველთვის მეძახდა. როცა უცხოეთში ვარ და იქაური გარემო მომწონს, ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შეიძლება მივუსადაგო მას ჩემი ქალაქი.
ერთი მხრივ, გასაგებია, როცა ადამიანები საცხოვრებლად უცხოეთში მიდიან, რიგ შემთხვევაში, ეს უფრო კომფორტულია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთი პარალელიც გავავლოთ:
როცა მე თქვენთან სტუმრად მოვდივარ და აღმოვაჩენ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესი რემონტი და უფრო კომფორტული სამზარეულო გაქვთ, უნდა ჩავალაგო ბარგი და თქვენთან გადმოვსახლდე, თუ მივიდე სახლში, გადავღებო კედლები, დავასუფთაო და ვეცადო, უკეთესი გავხადო..
არსებობს ბმა, რომელიც ამა თუ იმ ადგილთან ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მე თბილისთან ძალიან ძლიერი რამ მაკავშირებს.
“სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი…” – ასეთი პათოსი არ მახასიათებს, მაგრამ უცხოეთში ყოფნისას მესიზმრება თბილისის ხეები, ცა… მოკლედ, ძალიან ძლიერი ბმა მაქვს ამ ქალაქთან, რომელსაც ხელისუფლება ძალიან უხეშად აუპატიურებს. ამიტომ თბილისი ნელ-ნელა კარგავს იმას, რაც გიყვარს. დაწყებული ხიდან, რომელიც იცი, რომ შემოდგომის მერე აღარ დაგხვდება, სოლოლაკის სახლები, ლამაზი კარების სახელური… უამრავი პატარა დეტალი, რომელსაც საერთოდ არ უფრთხილდება მთავრობა, რადგან მოსახლეობა არ უფრთხილდება.
გაუფრთხილებლობის სინდრომი ქართული სენი მეგონა, მაგრამ პოსტსაბჭოთა აქტივისტებთან შეხვედრებისას აღმოვაჩინე, რომ ეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრობლემაა: თითქოს, ჩემი საკადასტრო ერთეულის გარეთ არსებული სივრცე ჩემი აღარ არის, თითქოს, მაღაზიასთან ქოთანში დარგული ყვავილი მხოლოდ მაღაზიისა. არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ თუ ჩვენი კორპუსის წინ კორპუსს აშენებენ, ჩვენ შეგვიძლია, ამაში ჩავერიოთ. თუმცა, არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა მოქალაქეების ჩართულობამ ჩვენი გარემო მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ამ წუთებშიც ერთ დანაგვიანებულ ადგილს ვწმენდ, არადა, იმ მოსახლეს, რომელმაც ეს ნაგავი მოისროლა, ყოველ დილით აქ უწევს გავლა.
მთავარი პრობლემა განათლებაა, საიდანაც მოქალაქეობრივი შეგნებაც, კარგი არქიტექტურაც და კარგი ქალაქგეგმარებაც მოდის. არ შეიძლება განათლებულ ადამიანს ძველ, ისტორიულ ქალაქში დუბაის ჩაკვეხება ერჩივნოს. განათლების ბრალია, როცა გვიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი პანორამას დგამს და მთავრობა ამბობს, ახალი და ლამაზი რაღაც შენდებაო.
მოკლედ, მოქალაქეობრივი შეგნება უნდა განვითარდეს და გავაცნობიეროთ, რომ მთავრობას ჩვენივე ინტერესების გასატარებლად ვქირაობთ და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი. ჩვენ უნდა დავურღვიოთ მათ  კომფორტის სივრცე. არ არსებობს კარგი ტიპი ხელისუფლებაში. თუ უფლებას მისცემ, ის ყოველთვის იჯდება ჯიპში კარჩაკეტილი. ხალხის მოთხოვნის შემდეგ კი, ხელისუფლებას უმრავლესობის ნების აღსრულება უწევს.
მოკლედ, სხვა მიდგომების, ჩართულობის და აქტიურობის შედეგად ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. თბილისს ისევ აქვს შანსი, გახდეს უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

კომენტარი