ინსპექტირებაგავლილი 90 000 ავტომობილიდან დადებითი შედეგი მხოლოდ 66 000-მა აჩვენა

ინსპექტირებაგავლილი 90 000 ავტომობილიდან დადებითი შედეგი მხოლოდ 66 000-მა აჩვენა

466
გაზიარება

როგორ მიმდინარეობს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროცესი, რა გამოწვევებია რეფორმის ფარგლებში, რა მიზეზების გამო ხარვეზდებიან მანქანები და ვერ გადიან ტექდათვალიერებას, – ამ საკითხების შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე ინსპექტირება 90 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც დადებითი შედეგი 66 000-მა აჩვენა, გაუმართავი ავტომობილების რიცხვი კი 24 000-ია.
როგორც ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, ყოველი მეოთხე ავტომობილი პირველად შემოწმებას ვერ გადის.
„ვფიქრობ, ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია, 27 %-მდე დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა, ოღონდ აქ საუბარია პირველად ინპექტირებაზე, ანუ ყოველი მეოთხე ავტომობილი პირველად ინსპექტირებას ვერ გადის. მათ ეძლევათ 30-დღიანი ვადა და ამ დროში ხარვეზები უნდა გამოასწორონ. განმეორებითი ინპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ინპექტირება 60 ლარი ჯდება. 24 000 დახარვეზებული ავტომობილიდან განმეორებით შემოწმებაზე მივიდა მხოლოდ 16 000. არ მივიდა – 8 000, ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია, ფაქტობრივად მესამედი განმეორებით ტექდათვალიერებაზე არ მისულა ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ადმინისტრირება, ამ კუთხით, მოიკოჭლებს, არ ხდება მათი დაჯარიმება და მეორე, ისინი ვერ ახერხებენ აღნიშნული უწესრიგობის აღმოფხვრას, ამიტომ აღარ აკითხავენ ინპექტირების ცენტრს.
გზებზე ვიღებთ შედეგს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ანაბარად რჩება ადმინისტრირება. თუ ვნახავთ რამხელა სამუშაოს შესრულება უწევს პატრულ-ინსპექტორს, გარდა საგზაო უსაფრთხოებისა, მათ კიდევ ბევრი საქმე აქვთ დავალებული, ცხადია, ყველა ავტომობილს ვერ გააჩერებენ და შეამოწმებენ, გავლილი აქვს თუ არა ინპექტირება. აქ გაცილებით სხვა ტექნოლოგიებზე უნდა გვქონდეს საუბარი, ხელსაწყოებზე, რომლებიც დააფიქსირებენ ასეთი ტიპის ავტომობილებს. აქ შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ ჭკვიანი კამერების მეშვეობით გამოვლინდეს ისეთი ტიპის ავტომობილები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ტექინსპექტირების ვადები და პირდაპირ მოხდეს ადმინისტრირება ისე, რომ პატრულის მიერ არ იყოს აუცილებელი ავტომობილის გაჩერება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

43408495_811348512589881_7281264276021444608_nმისივე თქმით, მნიშვნელოვანია გზებზე გამოსული ავტომობილის შემდგომი მონიტორინგი: რამდენად უვლის მძღოლი ავტომობილს და ხარისხიან საწვავს მოიხმარს.
„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მძღოლები უშუალოდ ინსპექტირების წინ ასხამენ გაცილებით მაღალი ხარისხის საწვავს, ფილტრები გამოცვლილია, ასევე არაკეთილსინდისიერად ხდება საწვავის სისტემაში გარკვეული მინარევების შერევა. ცენტრებში მიდიან შედარებით მოწესრგებულ მდგომარეობაში. ამიტომ გზებზე შესაბამისი მონიტორინგი უნდა იყოს ისეთი ტიპის ავტომობილების, რომლებსაც თვალნათლივ ეტყობათ ჭვარტლი და გამონაბოლქვი აშკარაა.
დაბალხარისხიანი საწვავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. გასამკაცრებელია გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრება, საჭიროა, გზებზე მონიტორინგი. აპრობირებული მეთოდია აშშ-ში, გზებზე დგას ინდიკატორები, რომლებიც ზომავენ ავტომობილის გამონაბოლქვს ისე, რომ ავტომობილის გაჩერება არააა საჭირო. იდენტიფიცირებას ახდენენ სანომრე ნიშნებით. ასეთი ხელსაწყოებით გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ. იმედი გვაქვს, ამაზე მსჯელობა მიდის. გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტშიც იყო ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იქნება დროულად მიღებული“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მანვე იმ ძირითადი ხარვეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც, ავტომობილები ტექდათვალიერებას ვერ გადიან.
„ავტომობილი ინპექტირებაზე მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: ესაა სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, მაშუქი ფარები, ვიზუალი, საქარე მინა, ღვედები, ყველა აგრეგატი, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების სისტემაში. ძირითადად, რაზეც ავტომობილები ხარვეზდება, არის სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნაა საქარე მინაზე, რომ დაუშვებელია ბზარები, ასევე გატეხილი მაშუქი ფარები მრავლადაა“, – აღნიშნა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, ტექინსპექტირების ცენტრები გამართულია და ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები არაა.
„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს 46 ლოკაციაზეა წარმოდგენილი 40 აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, რომელთაც გააჩნიათ 89 ინსპექტირების ხაზი. აქედან ნაწილი თბილისშია. 11 ლოკაცია გვაქვს თბილისში 29 ხაზით, დანარჩენი 60 ინსპექტირების ხაზი რეგიონებშია. გარდა ამისა, 1 იანვრისთვის მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები და დაემატება კიდევ ამ ინსპექტირების ხაზებს. თუმცა, არსებული რაც გვაქვს, დღევანდელი მონაცემებით, 89 ინსპექტირების ხაზს ერთ ცვლაში შეუძლია შეამოწმოს 900 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება. პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მესამე ფაზა დაანონსდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ დღეებში, ფაქტობრივად, გასამმაგებული იყო მომართვიანობა. მარტო პირველ ოქტომბერს, დაახლოებით, 1500-მდე ავტომობილმა გაიარა საქართველოს მასშტაბით ინპექტირება. 1 ხაზზე შესაძლებელია დღეში 40 ავტომობილის შემოწმება ერთცვლიან რეჟიმში. ეს რიცხვები რატომ მომყავს: 40 ავტომობილი თვეში 25 სამუშაო დღეზე ელემენტარულად 1000 ავტომობილია და თითოეულ ხაზს შეუძლია შეამოწმოს, დაახლოებით, 12000 ავტოსატრანსპორტო საშუალება. დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 1 200 000 ავტომობილი. აქედან გამომდინარე, რეალურად, ინფრასტრუქტურა მზადაა მიიღოს გაზრდილი მოთხოვნები და დააკმაყოფილოს პირველი იანვრიდანაც. ამ კუთხით, კითხვის ნიშნები ნაკლებია.
რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს: 2017 წლის დეკემბერში ახალი რეგლამენტები შევიდა ძალაში, რის შესაბამისადაც მოეწყო, როგორც ინსპექტირების სერვისცენტრები, ასევე, მოხდა პერსონალის გადამზადება და ტექნიკური გადაიარაღება. ტექნიკური გადაიარაღების შედეგად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც რეგლამენტებშია გაწერილი, ავტომობილის 2 ძირითად პარამეტრზე, როგორიცაა სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი, ანათვალის მიღება პირდაპირ გამზომი ხელსაწყოს მიერ ხდება და ხელსაწყო იძლევა დასკვნას ავტომობილის გამართვის შესახებ. ანუ პერსონალი ვერ ერევა ამ პარამეტრების ჩვენებაში, შესაბამისად აქ კითხვის ნიშნები კორუფციის კუთხით, გარკვეული თვალის დახუჭვის მიმართებით, არ არსებობს.
ინსპექტირების თითოეულ ხაზზე არის 2 ჩამწერი კამერა დამონტაჟებული და ჩანაწერები 14 თვის განმავლობაში ინახება“, – განაცხადა იორდანიშვილმა. ​
ცნობისთვის, პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. პირველი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. პირველი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. პირველი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარი