კრწანისის რაიონის გამგეობა პროგრამას – „თანასწორთა განათლება“ – განახორციელებს

კრწანისის რაიონის გამგეობა პროგრამას – „თანასწორთა განათლება“ – განახორციელებს

43
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები მოზარდებისთვის პროგრამის – „თანასწორთა განათლება“- განხორციელება იწყება.
პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ ათი საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ და ა(ა)იპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RICG) პარტნიორობით, აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.
სკოლის დირექტორებისთვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა თაობისა და მათი მშობლების ინფორმირებას, რაიონის მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სხვადასხვა სოციალურ საკითხზე თანასწორთა განმანათლებლებად მოზარდების მომზადებასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
პროგრამა სამ საფეხურს მოიცავს. პირველი საფეხური სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე 15-21 წლამდე მოზარდების შერჩევას ითვალისწინებს. მათ შორის ჩართული არიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც არიან განრიდებული, ან აქვთ პირობითი მსჯავრი.
მეორე საფეხური შერჩეული მონაწილეებისთვის სამდღიანი ტრენინგის ჩატარებას ითვალისწინებს. ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თანასწორთა განათლების პრინციპები, მრავალფეროვნება და მიმღებლობა; სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, თანატოლთა ზეგავლენა, ბულინგი, პროექტის მომზადება და განხორციელება და სხვა.
პროექტის მესამე საფეხურზე, თანასწორთა განმანათლებლად მომზადებული მოზარდები აქტივობას თავად დაგეგმავენ და მიღებული ინფორმაციის თანატოლებში გავრცელებას უზრუნველყოფენ.

კომენტარი