როგორ დავაღწიოთ თავი საცობებს – რას ფიქრობენ რიგითი თბილისელები

როგორ დავაღწიოთ თავი საცობებს – რას ფიქრობენ რიგითი თბილისელები

289
გაზიარება

საცობი და თბილისი დიდიხანია, რაც, ფაქტობრივად, სინონიმები გახდა. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, რას ფიქრობს ოფიციოზი და როგორია რიგითი თბილისელების მოსაზრება. „სითი კვირა“  რამდენიმე თბილისელის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მოსაზრებას გთავაზობთ:


  1. „მე ვფიქრობ, რომ თბილისში საცობების პრობლემის მოგვარება ერთ თვეშია შესაძლებელი. ახლა გეტყვით, როგორ: რამენაირად უნდა გამოინახოს თანხა და 1000 ახალი ავტობუსი შემოვიდეს ქალაქში, შეიძლება გრანტების მოძიება, დონორების ნახვა, როგორც, მაგალითად, ც ჰეპატიტის მკურნალობის შემთხვევაში მოხდა. მეტროს უნდა დაემატოს ვაგონები და ლოდინის დრო შემცირდეს, ამის რესურსი მეტროს აქვს. პარკირება უნდა გახდეს ძალიან ძვირი, ბევრ ადგილას საერთოდ შეუძლებელი, ტროტუარებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. დააყენე ტროტურზე მანქანა – ეგრევე 500-ლარიანი ჯარიმა. მძღოლებს უნდა დაუკარგო ყველანაირი სურვილი და მოტივაცია, რომ ქალაქში მანქანით გამოვიდნენ, როგორც ევროპულ ქალაქებშია. ამის მაგივრად უნდა შესთავაზო კომფორტული ავტობუსები და მეტრო. ეს იქნება სწრაფი ქირურგიული ჩარევა, რომელიც რამდენიმე კვირაში მოიტანს შედეგს. ხოლო ამის მერე კი უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ტრამვაის ქსელზე”
  2. „დიდი ჯარიმების გარეშეც მოგვარდება პრობლემა, თუ 1000 ახალ ავტობუსს ვატარებთ ავტობუსის ზოლებზე. როცა ადამიანები დაინახავენ, რომ ავტობუსიით უფრო მალე მიდის და დაჯდომასაც ახერხებს, თავისთავად, იტყვიან უარს საკუთარ ავტომობილზე. ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები, თავისთავად, შეამცირებს საპარკინგე ადგილებს ტროტუარების გასწვრივ. თუმცა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგზე, მარჯვენა მხარეს ბასლაინის შემთხვევაში, მარცხენა მხარეს პარკინგი უნდა გაკეთდეს 45-გრადუსიანი დახრით. პეკინზე უნდა აშენდეს მრავალსართულიანი პარკინგი და მეორე მხარესაც მოეწყოს ბასლაინი. იგივე პეკინის პარალელურ კოსტავაზე. მოკლედ, ბასლაინები უნდა მოეწყოს ყველა გადატვირთულ ძირითად ქუჩაზე: რუსთაველი, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, პეკინი, კოსტავა, წერეთელი და ნელ-ნელა მოიცვას ყველა დიდი ქუჩა. პარალელურ რეჟიმში უნდა აშენდეს მრავალსართულიანი პარკინგები. ესეც საჭიროა, ზოგს სიარული უჭირს. ბაზრებთან და დიდ სავაჭრო ცენტრებთან თუ არ არსებობს საკუთარი საპარკინგე ზონა, ის ბაზარი უნდა დაიხუროს. ნუ, ახალ მშენებლობებში თითოეულ ოჯახზე, მინიმუმ, ერთი საპარკინგე ადგილი რომ უნდა იყოს, ამაზე აღარ ვლაპარაკობ. უბნებში დგომა უნდა გახდეს ფასიანი, გარდა იქ მაცხოვრებელთა მანქანებისა და მათი სტუმრებისა, რომლებიც სპეციალური აბრით იქნებიან დამშვენებულნი. ზოგადად, პარკინგზე უნდა იყოს წუთობრივი გადასახადი და უნდა იჭრებოდეს საბანკო ბარათიდან.

ეს რიგითი თბილისელების მოსაზრებაა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების ამ გზებს დედაქალაქის მერიაც იზიარებს. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება, ბასლაინები დაიხაზება, მეტროსაც დაემატება ვაგონები, ახალი, მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებიც მოეწყობა და საბოლოოდ, ქალაქში გადაადგილება, თბილისის ხელმძღვანელობის მტკიცებით, მუნიციპალური ტრანსპორტით გაცილებით მარტივი იქნება.

კომენტარი