2019 წლის ოქტომბრიდან, დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები ეყოლება

2019 წლის ოქტომბრიდან, დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები ეყოლება

746
გაზიარება

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიას 2018 წლის 27 ივლისის N24-80 დადგენილებაში ცვლილების პროექტი გააცნო, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსით მომსახურების წესს განსაზღვრავს.
პროექტის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრიდან, დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები ეყოლება. თეთრ ტაქსებს A კატეგორია მიენიჭებათ. მათ მერია ტაქსის მანათობელ ნიშანს წარწერით „TAXI თბილისი“ უფასოდ გადასცემს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ასევე, უახლოეს ხანებში თბილისის მერია ტაქსებისთვის უფასო პარკირების ადგილების გამოყოფას გეგმავს.
B კატეგორიის ნებართვა შეუძლიათ მიიღონ მათ, ვისთვისაც ტაქსით საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროა. მათ არ ექნებათ თეთრი ავტომანქანის ყოლის ვალდებულება. B კატეგორიის ტაქსებს შეეძლებათ მგზავრების აპლიკაციებითა თუ ქოლცენტრების მეშვეობით მომსახურება. ამავდროულად, B კატეგორიის ტაქსები A კატეგორიისგან განსხვავებით, ტაქსის ნიშნის ტარებასა და მგზავრის ქუჩიდან აყვანას ვერ შეძლებენ.
2019 წლის ოქტომბრიდან, ორივე კატეგორიის ტაქსის ნებართვას მხოლოდ ხუთკარიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელები მიიღებენ. მერიის მიერ ტაქსით მომსახურების სფეროში დაწყებული რეფორმა სერვისისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კომენტარი