„სფერო დეველოპმენტი“ შეჩერებული მშენებლობების დასრულების პირობას დებს – რას გადაწყვეტს მერია?

„სფერო დეველოპმენტი“ შეჩერებული მშენებლობების დასრულების პირობას დებს – რას გადაწყვეტს მერია?

699
გაზიარება

„მზად ვართ გადმოვიბაროთ და განვაახლოთ შეჩერებული მშენებლობები, საქართველოს მასშტაბით“ – „სფერო დეველოპმენტი“ მიმართავს შეჩერებული მშენებლობების მფლობელებსა და წარმომადგენლებს, მიაწოდონ მათი პროექტების დოკუმენტაცია განსახილველად, რათა დეველოპერულმა კომპანიამ აიღოს ვალდებულება, როგორც ინვესტორმა, გადაიბაროს და განაახლოს შეჩერებული მშენებლობები.
„სითი კვირა“ დაინტერესდა, რა რესურსით აპირებს „სფერო დეველოპმენტი“ თავისი შეთავაზების რეალიზებას, აქვს თუ არა კონტაქტი თბილისის მერიასთან და რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს „სფერო დეველოპმენტთან“ თანამშრომლობის სურვილი. კომპანიის ერთ-ერთი ხლმძღვანელის, მაცაცო გორდეზიანის განცხადებით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიასთან პირველი კონტაქტი შედგა და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა, როგორ გაგრძელდება თბილისის მერიის და „სფერო დეველოპმენტის“ თანამშრომლობა, უჭირს. რაც შეეხება ფინანსებს, როგორც მაცაცო გორდეზიანი განმარტავს, პროექტის სარეალიზაციოდ მათ საკმარისი რესურსი აქვთ, თუმცა, ასევე, ჰყავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ კომპანიას. როგორც მაცაცო გორდეზიანი აცხადებს, „სფერო დეველოპმენტის“ შეთავაზებით, უკვე დაინტერესდნენ როგორც მენაშენეები, ასევე ადგილობრივი დეველოპერები, თუმცა მათი ვინაობის გასაჯაროებისგან გორდეზიანი ჯერჯერობით თავს იკავებს. გორდეზიანი დარწმუნებულია, რომ პროექტი მომგებიანი იქნება და წარმატებას მოუტანს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
შეგახსენებთ, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ თბილისის მერმა კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში დახმარება სთხოვა. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში 179 დაუსრულებელი მშენებლობაა და თუ სამშენებლო კომპანიები ამ მიმართულებით გააქტიურდებიან და გადაწყვეტენ სამშენებლო პროცესებში ჩართვას, მერია და ცენტრალური ხელისუფლება მზად არიან, ასეთ კომპანიებს ყველანაირად დაეხმარონ.

კომენტარი