მამუკა სალუქვაძე – გენგეგმამ თბილისს ამბიციური პროექტები დაუბრუნა

მამუკა სალუქვაძე – გენგეგმამ თბილისს ამბიციური პროექტები დაუბრუნა

1241
გაზიარება

დღეს ცენტრალური ხელისუფლებისგან და დედაქალაქის ხელმძღვანელობისგანაც მივიღეთ პასუხი ერთ-ერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე – მიწისზედა მეტროს მშენებლობა (სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიმართულებით) მალე დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. გარდა ამისა, მერია უკვეთავს კვლევას პროექტის მეორე ნაწილზე, რომლის მეშვეობითაც, ლილო, მიწისზედა მეტროთი, რუსთავს უნდა დაუკავშირდეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაც და საქართველოს მთავრობაც ამ ნაბიჯით იზიარებს იმ რეკომენდაციას, რომელსაც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ მერიის მიერ უკვე მიღებული გენგეგმა ნოემბერში უნდა დაამტკიცოს, ქალაქის მთავარი დოკუმენტის ხორცშესხმის პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია. თანაც, ეს არ გახლავთ გენგეგმაში არსებული ერთადერთი საკითხი, რომელიც მერიამ დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე დაძრა. ქალაქის ხელმძღვანელობა აქტიურად საუბრობს ველობილიკებზე, ბასლაინებზე, ახალ სატრანსპორტო სქემაზე, ტრამვაიზე, საბაგიროებზე, აგლომერაციის შემაერთებელ ელექტროტრანსპორტზე, განივ კავშირებზე, დიღმის ჭალებში საპარკო ზონების მოწყობაზე და სხვა ისეთ თემებზე, რომლებიც ზუსტად გენგეგმის შემადგენელი ნაწილებია. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხები, რომლებზეც 2015 წლამდე, რეალური ხელჩასაჭიდის არსებობის გარეშე, რამდენიმე ადამიანი საუბრობდა, დღეს განხორციელებადია. საბოლოოდ კი, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ გენგეგმა რეალურია.

downloadრაც შეეხება კონკრეტულად მეტროს საკითხს, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განამრტებით, იდეა განხორციელებადია და ახლა შესაბამისი კვლევების მეშვეობით, დეტალების განსაზღვრის ჯერია, თუმცა მოვლენებს წინ მაინც არ უნდა გავუსწროთ. საბოლოო სიტყვა კვლევების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
“მთავარია, შეცდომით არ ვიფიქროთ, თითქოს ეს ყველაფერი უკვე დამტკიცებულია. გენგეგმაში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ შესაძლებლობის არსებობა კვლევებმა უნდა დაადასტურონ. ასე რომ, დღევანდელი განცხადება, როგორც შემდგარი ფაქტი, არ უნდა მივიღოთ. ქალაქგეგმარებითი, ურბანული და სატრანსპორტო კუთხით, ფუნდამენტური კვლევები ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც ვსაუბრობთ, მერიის დღის წესრიგშია და მათი განხორციელების აუცილებლობაც გაცხადებულია. კვლევები დეტალურად დაადგენს, თუ როგორი იქნება საკითხის ტექნიკური მხარე.”- აღნიშნავს სალუქვაძე და დასძენს, რომ გენგეგმამ თბილისს ამბიციური პროექტები დაუბრუნა.

 

კომენტარი