ბერიას საჩუქარი სტალინს – როგორ იქცა 8-მეტრიანი ორმო სტამბად

ბერიას საჩუქარი სტალინს – როგორ იქცა 8-მეტრიანი ორმო სტამბად

287
გაზიარება

1937 წლის 19 აგვისტოს ნაშუადღევს თბილისის საქალაქო კომიტეტისა და საბჭოს გაზეთის მთელი რედაქცია სიამაყით იყო სავსე – საღამოს პრესაზე დამოკიდებული პუბლიკა ერთი დღით ადრე სწორედ „მუშა“-სა და „Вечерний Тбилиси“-ს საღებავშეუმშრალი ფურცლებიდან პირველი შეიტყობდა ამაღელვებელ ამბავს – ხვალ შესდგება ავლაბრის რესტავრირებული ბოლშევიკური არალეგალური სტამბის გახსნა, რომელიც მოწყობილი იყო და მუშაობდა დიდი ს ტ ა ლ ი ნ ი ს ხელმძღვანელობით 1904-1906 წ. წ.

15310450_1152765498105782_545289853_n

თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე ლავრეტი ბერიას გამოსვლის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიურომ თბილისში, ბათუმში, გორში, ჭიათურასა და ქუთაისში ამხ. სტალინის ცხოვრებასა და რევოლუციურ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ადგილების მონიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარი პუნქტი კი მოითხოვდა: „«26 კომუნარის» /ყოფ. ავლაბრის/ რაიონში, კასპიისა და დოესის ქუჩების კუთხეში აღდგენილ იქნას რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის იატაკქვეშა არალეგალური ტიპოგრაფია, სადაც იბეჭდებოდა ამხ. სტალინის პირველი შრომები 1903 წლიდან 1906 წლამდე“.

15320250_1152764678105864_1705220957_n

ავლაბრის არალეგალური სტამბისაგან, დაახლოებით, 9X5-ზე კვადრატული მეტრის ფართობის და თითქმის 8 მეტრის სიღრმის პირღია ორმო იყო დარჩენილი. ის, რაც 1906 წლის 15 აპრილის ჟანდარმერიის მიერ მოწყობილი მძლავრი აფეთქების შემდეგ დარჩა.
ცეკა დაჟინებით მოითხოვდა სახლის პირვანდელი სახით აღდგენას. ზეპირი ცნობებისა და ნანგრევების მდგომარეობის შეჯერების შემდეგ იმელიდან და თბილისის კომიტეტიდან ორი პროექტი შემუშავდა.„გრუზგოსპროექტის“ არქიტექტორის, გრანტ მიქაელიანის ნახაზები უპირობოდ დაიწუნეს. ქალაქის არქიტექტურის განყოფილებაში პანიკა დაიწყო, როდესაც ცეკადან თავად იმელის (ყოფილი რევოლუციის მუზეუმის) არქიტექტორების: თეთვაძისა და ფოცხიშვილის ნახაზებზეც უარყოფითი დასკვნა მოვიდა.

15310539_1152765481439117_1434256917_n

არქიტექტორ ანატოლი კოჩინაშვილის სახაზავ დაფასთან შუქი ღამის პირველ საათამდე ენთო. 2 საათში ცეკადან პროექტი დააბრუნეს. მარჯვენა ზედა კუთხეში, ლურჯი ქიმიური ფანქრით, ლავრენტი პავლოვიჩს ერთადერთი სიტყვა მიეწერა: Одобряю
დანარჩენი – დროის და ტექნიკის საქმე იყო.

15328146_1152765504772448_995687612_n

20 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხნსა ავლაბრის რესტავრირებული, ბოლშევიკური, არალეგალური სტამბა. სტამბის რესტავრირებული, ერთსართულიანი სახლის აივანი და კიბე ხალხით იყო დახუნძლული. უკრავდა სასულე ორკესტრი. სიტყვა საქართველოს კომპარტიის ცეკას პროპაგანდის, აგიტაციისა და ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების გამგეს – ერიკ ბედიას მიეცა და  იმანაც დაიწყო:
“…ავლაბრის არალეგალურ სტამბაში მუდამ იბეჭდებოდა არალეგალური ბოლშევიკური გაზეთი „პროლეტარიატის ბრძოლა“ – რ.ს.დ.მ.პ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანო, რომელსაც ამხანაგი სტალინი რედაქტორობდა.
ამხანაგი სტალინის ნაწარმოებებმა, სტალინურმა პროკლამაციებმა და მოწოდებებმა გამანადგურებელი ლახვარი ჩასცეს მენშევიკებს, ტროცკისტებს, დაშნაკებს, ფედერალისტებს, მუშათა კლასის ყველა მტრებს, რევოლუციის გამცემებსა და მოღალატეებს…“

15281956_1152763224772676_854705202_n

მესამე დღეს სტამბა ოფიციალურად გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის. შთაბეჭდილებათა წიგნში პირველი ჩანაწერი გაჩნდა – საპატიო მისია გაზეთ „კომუნისტის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილეს ვასილ ეგნატაშვილს ხვდა წილად:
„1937 წ. 22/VIII (აგვისტოს): დავათვალიერე ავლაბრის ყოფილი არალეგალური სტამბა: გმირული ბრძოლისა და შრომის სურათი, რომელსაც წაკითხვითა და ნალაპარაკევით ვიცნობდი, ცოცხლად და თვალნათლივ წარმომიდგა . . .“

კომენტარი