ვინ გადაარჩინა სიონის ტაძარი მეჩეთად გადაკეთებას – რას ნიშნავს სიტყვა სიონი

ვინ გადაარჩინა სიონის ტაძარი მეჩეთად გადაკეთებას – რას ნიშნავს სიტყვა სიონი

473
გაზიარება

სიონი – მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო, წმინდა ჭურჭელია, რომელშიც სეფისკვერი ინახება. ამზადებენ ვერცხლისგან და  ფორმით, ქრისტიანულ ეკლესიას განასახიერებს. სიონი ებრაული სიტყვაა და ქართულად მზიანს ნიშნავს.
სიონის სახელს არაერთი სოფელი  და ტაძარი ატარებს. მათ შორისაა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, ანუ თბილისის სიონი.
ისტორიული წყაროების თანახმად, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის, გუარამ კურაპალატის დროს დაწყებულა. სამშენებლო სამუშაოები VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა.
პირველად სიონი 1226 წელს ხვარაზმელებმა დაარბიეს. იმ წელს ხვარაზმის შაჰმა, ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. სწორედ აქედან ადევნებდა ჯალალ-ედ-ინი თვალს იმ ქართველებს, რომლებმაც მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ სიონი კიდევ არაერთხელ დაარბიეს და გაძარცვეს, თუმცა მისი აღდგენა ყოველთვის ხერხდებოდა.
მე -18 საუკუნის დასაწყისში სიონის, როგორც ქრისტიანული ტაძრის არსებობა კიდევ ერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. 1726 წელს თურქეთის სულთანმა თბილისის მმართველს, ისაყ-ფაშას სიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. გამოსავალი მალევე მოინახა. თბილისის მიტროპოლიტმა, დომენტი ორბელიანმა დახმარება თავად გივი ამილახვარს სთხოვა. იმ დროს ამილახვარს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონია ისაყ – ფაშასთან და მოლაპარაკებაც შედგა. დიდი ძღვენის საფასურად, ისაყ – ფაშამ უარი თქვა სულთნის მითითების აღსრულებაზე და სიონი მეჩეთად გადაკეთებას გადაურჩა.

კომენტარი