ეროვნულ მუზეუმში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი გამოიფინება

ეროვნულ მუზეუმში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი გამოიფინება

67
გაზიარება

1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი გამოიფინება.
ორგანიზატორების ცნობით, 1-ელი ნოემბრიდან დამთვალიერებელი გაეცნობა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, კავკასიის ბუნება და ადამიანების ყოფაა ასახული. ასევე ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ.
მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელი ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობს. მასალები ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას აერთიანებს; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.
უნიკალური არქივი მეცენატისა და კოლექციონერის – იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირად ნივთს ინახავს. ასევე სპეციალურ გამოცემასაც, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება.
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გამოფენისთვის მომზადებული ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართება.
პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა, 114 წლის განმავლობაში, შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები, 2018 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად.
უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილს, ვირჟინი ანლარს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, მომავალში პროექტის ავტორის – ეკა ენუქიძის გაცნობის შემდეგ, სურვილი გამოთქვა, მის ოჯახში დაცული ზუბალაშვილი-ანლარის შტოს არქივი სამშობლოსთვის ეჩუქებინა.
ეროვნულ მუზეუმში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, თითოეული ნივთი შესაბამის ფონდში ჩაირიცხა და საკოლექციო ნომერი მიენიჭა. ასევე მოხდა მათი დიგიტალიზაციაც. სამომავლოდ კოლექციის სამეცნიერო შესწავლა და სარესტავრაციო სამუშაოებია დაგეგმილი.
მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის – ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის – დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო – „სამადლოს“ გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო „ლონდონი“ და 20 ათასი მანეთი გადასცა.
ზუბალაშვილების არქივის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანა „თი-ბი-სის“ მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით განხორციელდა.
ღონისძიებას, რომელიც   „თი-ბი-სის“ მხარდაჭერით გაიმართება, საქართველოში სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლები დაესწრებიან.
გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარი