პარკინგი – პრობლემა, რომლითაც თბილისში დილა იწყება

პარკინგი – პრობლემა, რომლითაც თბილისში დილა იწყება

348
გაზიარება

ავტომფლობელთა დიდი ნაწილისთვის, დილა თბილისში საპარკინგე ადგილის ძებნით იწყება. ქალაქში, სადაც მანქანების რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა, პარკირების ადგილები მხოლოდ 10%-ისთვისაა ხელმისაწვდომი. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქში 32 ათასი საპარკინგე ადგილია, რომლის ადმინისტრირებასაც კომპანია ახორციელებს.
როგორც „სითი კვირამ“ გაარკვია, თბილისში, დაახლოებით, 2000 საპარკინგე ადგილია, სადაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნაა შესაძლებელი. მოკლედ, რესურსი იმისა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს არის, თუმცა ამ რესურსის გამოყენება ვერ ხერხდება. მაგალითად, მერიას ორჯერ მოუხდა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება სამ კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა თითქმის უშედეგოდ. ბიზნესისათვის მხოლოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა საინტერესო. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ლოკაციაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობით კომპანია „იქს 2“ დაინტერესდა, თუმცა გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება მხარეებს შორის, ეს მხოლოდ  ტექნიკური კვლევების შემდეგ გაირკვევა. როგორც თავის დროზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თბილისში პარკინგი ვერ იქცა ბიზნესად, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობას უჭირს იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს მოაწყობენ.
სად არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში?  სპეციალისტების მოსაზრებით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს პარკირების ზონების შექმნაა. როგორც ცნობილია, 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება. ცნობილია ის ქუჩებიც, სადაც პარკირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს. საკრებულოს მიმდებარე ქუჩები ზაარბრუკენის მოედნამდე, ამაღლების ქუჩა, შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩები –  თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განაცხადებით,  ეს ის ქუჩებია, სადაც, შესაძლოა, პარკირების საათობრივი გადასახადი ამოქმედდეს.

კომენტარი