ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს

84
გაზიარება

ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ხარისხისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, აფეთქების ადგილზე შესაბამის სამუშაოებს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები ატარებენ.
„როგორც იცით, აფეთქებიდან  რამდენიმე წუთში კორპუსს ყველანაირი კომუნიკაცია შეუწყდა, თუმცა დღის ბოლომდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგათ. დღესვე მუშაობას დაიწყებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და წყალმომარაგებაც უახლოეს პერიოდში აღდგება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, როგორც კი დასრულდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და მომზადდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, თბილისის მერია დაზიანებული კორპუსის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.
„სანამ ყველა რისკი არ იქნება თავიდან აცილებული და სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს კორპუსი არის საცხოვრებლად უსაფრთხო, იქამდე მოსახლეობა დარჩება დროებით საცხოვრებლებში“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები გუშინვე კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილა.

კომენტარი