„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობების განახლების საშუალება ეძლევა

„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობების განახლების საშუალება ეძლევა

150
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დეველოპერულ კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  პროექტის შეჩერებით, დაახლოებით 350 ოჯახი დაზარალდა.
„ქალაქში დაახლოებით  179 შეჩერებული მშენებლობაა. გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი. არის მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. დღეს გამოგვაქვს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს ეხება „ოლიმპიურ ვარსკვლავს“, დაახლოებით 350 ოჯახია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ამ პროექტის სამომავლოდ განხორციელებას. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო გაკეთდა და შესაბამის კომპანიას, უკვე ხვალიდან აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ამ პროექტის რეალიზაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე „სვეტის“ მიერ დაზარალებულებიც სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულეითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში შემოვა საბუთები, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს და არ დაკარგოს არცერთი თეთრი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მერია ინდივიდუალურად მუშაობს სხვადასხვა დეველოპერთან.
„გასათვალისწინებელი იქნება ასევე შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც.ამიტომ დეველოპერებს ვთხოვთ, წარმოადგინონ კონსტრუქციული დასკვნა, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შესაძლებელი იქნება მშენებლობის გაგრძელება. შესახლების შემდეგ კი იქ მცხოვრებ ადამიანებს სამომავლოდ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარი