წერეთელზე და ვარკეთილში, მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში ნორმას აჭარბებს

წერეთელზე და ვარკეთილში, მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში ნორმას აჭარბებს

305
გაზიარება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
„13, 14, 15 და 17 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 16 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.1-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 18 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.1-ჯერ. 19 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ, ვარკეთილში – 1.7-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე – 1.6-ჯერ, რაც გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.
თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ჯორბენაძის ქუჩა N 10-ში, ირბახის ქუჩაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის ქ. თბილისის N77 საჯარო სკოლასთან, წურწუმიას ქუჩაზე N88 საჯარო სკოლასთან და ილიკო ქურხულის ქუჩაზე N77 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“,-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარი