ბრძოლა თბილისისათვის ახლა იწყება – ინტერვიუ მამუკა სალუქვაძესთან

ბრძოლა თბილისისათვის ახლა იწყება – ინტერვიუ მამუკა სალუქვაძესთან

3928
გაზიარება

ვიდრე უშუალოდ ინტერვიუზე გადავალთ, მოგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს საქმიანობის 1-წლიანი ანგარიში წარადგინა. მან უკვე განხორციელებულ არაერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ხოლო ის, რაც თბილისის სამომავლო განვითარებაში უმთავრეს როლს ითამაშებს, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა. ასე რომ, დღეს გენგეგმა კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია.
სამწლიანი საკმაოდ დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსე სამუშაო პროცესის შემდგომ, დედაქალაქის მერიამ მიიღო თბილისის გენერალური გეგმა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. თბილისის მერიის მხრიდან შეფასებები ცალსახად დადებითია, რაც გვაძლევს იმედს, რომ 2019 წლის იანვრიდან 2030 წლამდე დედაქალაქი ცხოვრებას განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე გააგრძელებს.
გენგეგმაზე მუშაობის პროცესი, დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ გაგრძელდა და  ხმაურიანადაც მიმდინარეობდა. იყო მომენტები, როდესაც ვითარება უკიდურესად იძაბებოდა და მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, თუმცა შემდეგ ისევ ახერხებდნენ მუშაობის გაგრძელებას. დღეს ეს ყველაფერი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა პირველი უდიდესი გამოწვევა გახდა ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“-სთვის, რომელმაც 2019 წელს დაარსებიდან სამი წლის თავი აღნიშნა. იუბილეს ორგანიზაცია ამაღლებულ განწყობაზე და მეტად ამბიციური და მნიშვნელოვანი გეგმებით შეხვდა.
ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორთან, მამუკა სალუქვაძესთან.

-ბატონო მამუკა, პირველ რიგში, გილოცავთ იუბილეს, თქვენი ორგანიზაციის სამი წლის თავს, არანაკლებ საინტერესო პროექტებსა და დიდ სამომავლო წარმატებებს გისურვებთ. უნდა აღინიშნოს, რომ სამი წლის ორგანიზაციისთვის უპრეცედენტო პოპულარობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობთ. როგორ შეაფასებდით განვლილ სამ წელს, რამდენად შეძელით და განახორციელეთ ის მიზნები, რომელიც ორგანიზაციის დაარსებისას დაისახეთ?

download-დიდი მადლობა მოლოცვისა და ამგვარი შეფასებისათვის. ამბიცია იმისი, რომ თბილისის შემთხვევაში, მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა შეგვექმნა, ნამდვილად გვქონდა და მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი და დაუფარავი ბრძოლისა ჩვენს მიმართ, ეს წარმატებით მოვახერხეთ. ბუნებრივია, ველოდით გარკვეულ უკმაყოფილებას იმათი მხრიდან, ვისაც ათწლეულების განმავლობაში, სრულიად დაუბრკოლებლად, მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, თავისუფლად შეეძლო დაემახინჯებინა ქალაქი. რა თქმა უნდა, არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ყველა ტაშს დაგვიკრავდა და მადლობას გვეტყოდა პრინციპულობისა და მართალი პოზიციისთვის, მაგრამ დიდ ფულს თუ დახარჯავდნენ საკუთარი ქალაქის სწორად განვითარების პერსპექტივისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ნამდვილად არ გვეგონა.
აქვე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ადამიანს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში. თბილისის სხვადასხვა უბნის ახალგაზრდა აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები, სტუდენტები, თბილისის რიგითი მაცხოვრებლები მუდმივად გამოხატავდნენ თანადგომას და მზადყოფნას, გვერდში დადგომოდნენ  თბილისის განახლებული გენგეგმის პროექტს. მათ ზოგიერთ ე.წ. „ექსპერტზე“ უკეთ გაიგეს და გაითავისეს ამ პროექტის მნიშვნელობა ქალაქისათვის, აგრეთვე იმ მიდგომების, პრინციპების, კონცეფტუალური გადაწყვეტებისა და ღონისძიებების აუცილებლობა, რომლებიც გენგეგმაში მრავლადაა წარმოდგენილი თბილისის სწორად განვითარების კუთხით.
რაც შეეხება პოპულარობას და რეიტინგს, ეს თავისით მოვიდა და ამაში ჟურნალისტების უდიდესი დამსახურებაა. ჩვენ ამაზე ნამდვილად არ გვიზრუნია. თუ  პირადად მე ხშირად ვჩანდი ტელეეკრანებსა და ინტერნეტგვერდებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ამეხსნა და განმემარტა ყველა ის კონცეფტუალური მიდგომა და ნიუანსი, რომელიც საზოგადოების ინტერესს იწვევდა და იწვევს. სხვა ამოცანა ნამდვილად არ მქონია.

-შეიძლება თუ არა ითქვას, რომ გენგეგმა რადიკალურად თუ არა, მნიშვნელოვნად ცვლის ქალაქის განვითარების მიმართულებით დღეისათვის არსებულ პრიორიტეტებს?

იმისთვის, რომ რაღაც პრიორიტეტები შეიცვალოს, ისინი, უბრალოდ, უნდა არსებობდეს. ის, რაც თბილისში, განაშენიანების კუთხით, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო ქაოსური, უსისტემო, ყოველგვარ გეგმარებით თუ საკანონმდებლო საფუძველს მოკლებული ურბანული მარაზმი. პრიორიტეტი აქ მხოლოდ ერთი იყო: კერძო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება საზოგადოებრივის საპირწონედ, ინვესტორებისა და დეველოპერული კომპანიების სიხარბე და მათი მხრიდან, თამაშის წესების კარნახი მერიისათვის, მაქსიმალური ხელშეწყობა კერძო ავტოტრანსპორტისა და მოქნილი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ჩამოყალიბების სურვილის არარსებობა. შედეგმაც არ დააყოვნა და მივიღეთ უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც საცხოვრებელი გარემოს ხარისხი უამრავ უბანში კატასტროფულია, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმდენად დაბინძურებულია ჰაერი, რომ, უბრალოდ, სუნთქვაც კი შეუძლებელია. თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ცვლილებები რადიკალურია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც ასე მტკივნეულად დგას ჩვენი დედაქალაქის წინაშე.

download (2)

-იქნებ, კიდევ ერთხელ, მოკლედ ჩამოაყალიბოთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც განვითარდება ჩვენი დედაქალაქი უახლოესი 12 წლის განმავლობაში.

-პირველ რიგში, ქალაქის მიწათსარგებლობას უნდა გააჩნდეს თავისი იდეოლოგია და კონცეფცია. ახალი მიწათსარგებლობის გენგეგმის შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცით, როგორი ქალაქი გვინდა. ვიცით, რომ მომავალი თბილისი უნდა იყოს კარგად შეკავშირებული, მწვანე, კომპაქტური და მედეგი ქალაქი. მისი ყველა უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს და უნდა შევწყვიტოთ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ყოვლად გაუმართლებელი და უხეში ექსპანსია. ქალაქი ამას, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს. მკაფიოდ გამოიყო თბილისის განაშენიანების კონტური და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ კონტურის გარეთ არსებული ლანდშაფტური, რეკრეაციული, სატყეო, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების შენარჩუნებას და დაცვას განაშენიანებისაგან, ანუ, უნდა შევაჩეროთ ე.წ. „ურბანული ცოცვა“. ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი მიწის ნაკვეთი უკვე საკუთრებაშია, მათ შორის, საშიში გეოდინამიკური პროცესების არეალებში, წყალდაცვით ზონებში და ა.შ. ამდენად, ახალ გენგეგმაში მრავლადაა განაშენიანების შეზღუდვის არეალები და უმრავლეს შემთხვევაში, თბილისის მერიას მოუწევს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობის ან კომპენსაციის შეთავაზების კუთხით.
გენგეგმის მიხედვით, ქალაქს შეემატება ასეულობით ჰექტარი ახალი გამწვანებული ტერიტორია, საქალაქო და სარაიონო პარკების სახით (დიღმის ჭალები, ზღვისუბნის პარკი, დიდი დიღმის საპარკო ზონა, ფონიჭალის საუბნო საპარკო ზონა, დირსიჭალა-ფონიჭალის საქალაქო მნიშვნელობის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და სხვა). არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს მართლაც რევოლუციური ცვლილებებია, რომელთა მსგავსიც თბილისს უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში არ მოსწრებია. გენგეგმა ქალაქს სთავაზობს მტკვარში ჩამდინარე და დღეს კოლექტორებში მომწყვდეული მცირე მდინარეების გახსნას გარკვეულ მონაკვეთებში და რეკრეაციული მიზნებისთვის მათ გამოყენებას.
განახლებული გენგეგმა მკაფიოდ უსვავს ხაზს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობას და ქალაქს სთავაზობს მობილობის სფეროში ახალ იერარქიას, სადაც პირველ ადგილზე ფეხმავალი და ველოსიპედისტია, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მხოლოდ ბოლო ადგილზეა კერძო ავტომობილი. სამი გრძივი სატრანსპორტო დერეფანი, სადაც პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება, რამდენიმე განივი კავშირი, რაც ასე აკლია დღევანდელ თბილისს, ახალი საფეხმავლო და სატრანსპორტო ხიდები, საბაგირო ტრანსპორტის მარშრუტები, მეტროს განვითარების წინადადება და ა.შ. ის ძირითადი საკითხებია, რომელთა განხორციელებაც თბილისის განვითარებას თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს.

-ბატონო მამუკა, ხშირად ვისმენთ სკეპტიკოსთა განცხადებებს, რომ თბილისს მაინც აღარაფერი ეშველება, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია და ვერანაირი  გენგეგმა ან რაიმე სახის სხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი ქალაქს ვეღარ იხსნის. როგორ ფიქრობთ, განახლებული გენგეგმის მოქმედების პერიოდში თბილისის მოსახლეობა რეალურად იგრძნობს თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ქალაქის განვითარების კუთხით და რამდენ ხანში შეგვეძლება პირველი შედეგების დანახვა?

დიახ, უამრავი რამეა უკვე გაფუჭებული, შეგნებულად თუ შეუგნებლად დამახინჯებული, უამრავი შეცდომაა დაშვებული და ბევრი ქალაქგეგმარებითი ხასიათის დანაშაულიცაა ჩადენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ,  ვიწუწუნოთ, სკეპტიციზმს მივეცეთ და საკუთარი ქალაქის გადარჩენაზე არ ვიფიქროთ. თბილისი რომ გადასარჩენია, ამაზე, სავარაუდოდ, ყველა ვთანხმდებით და ამასთან დაკავშირებით, მოკლედ უკვე გიპასუხეთ. სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ე.წ. „სკეპტიკოსებს“ აქვთ წარმოდგენილი, თუმცა მახინჯი და გაუაზრებელი პროცესების შეჩერება შეიძლება და განახლებული გენერალური გეგმა ამის საშუალებას იძლევა. კარგად ვიცოდით რა არსებული მდგომარეობა, კონკურსში გამარჯვებული ჩვენი ხედვის სლოგანიც სწორედ ამიტომ იყო „სტაბილურობიდან-მდგრადობამდე“. პირველ რიგში, მიმდინარე ქალაქგეგმარებითი პროცესები ყველანაირი ძალისხმევით უნდა მოვაქციოთ კანონმდებლობის ჩარჩოებში და დავუქვემდებაროთ ახალი გენგეგმის პრინციპებსა და მიდგომებს. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა ცხოვრებაში გავატაროთ ის ღონისძიებები და გეგმარებითი გადაწყვეტები, რაც თბილისს წამყვანი ევროპული ქალაქების სტანდარტებს მიუახლოვებს.

01_69122-e1515748535725განახლებული გენგეგმის მიხედვით, გვექმნება მყარი გარანტია იმისა, რომ სატყეო, რეკრეაციული, ლანდშაფტური, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები და გარემოსდაცვითი ზონები დაცული იქნება განაშენიანების განვითარებისაგან. ამოქმედდება განაშენიანების შეზღუდვის ზონები და კერძო ნაკვეთების გაცემა აღარ მოხდება მეწყერსაშიშ, ღვარცოფულ და წყალდაცვით ზონებში. თავიდან ავიცილებთ განაშენიანების შემდგომ გამჭიდროებას იმ უბნებში, სადაც ყველანაირი გათვლებით, დადგენილი ნორმებისა და კოეფიციენტების გადაჭარბებაა სახეზე. მაქსიმალურად დავიცავთ მშენებლობებისაგან ყველა სახის ღია, გამწვანებულ ტერიტორიას ქალაქის განაშენიანებული ნაწილის შიგნით და ა.შ.
პარალელურად კი, გენგეგმის განხორციელების ყველა ეტაპზე თბილისის მერია ეცდება დანერგოს და განახორციელოს ის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც მრავლადაა წარმოდგენილი გენგეგმაში.

-2030 წლამდე გენგეგმა, მიწათსარგებლობის კუთხით, ქალაქის მთავარი დოკუმენტი უნდა იყოს. ამ პერიოდის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თუ არა მასში გარკვეული კორექტივებისა და ცვლილებების შეტანა?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში, აუცილებელიც კია. გენგეგმა ბეჭდით დალუქული დოკუმენტი არ გახლავთ, რომელსაც არავინ არ უნდა შეეხოს და  არანაირი ცვლილება არ შეიტანოს მასში. ქალაქი მუდმივად ვითარდება, ეს ბუნებრივი პროცესია და გენგეგმაშიც, დროთა განმავლობაში, აუცილებლად აისახება ამგვარი ცვლილებები, თუმცა ყოველივე ეს უნდა ხდებოდეს, პირველყოვლისა, ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე და არა ვიღაცების კერძო, მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, რაც, როგორც წესი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალაქის საზიანოდ მთავრდებოდა.
ბუნებრივია, ქალაქგანვითარების მთავარ ღერძად დარჩება ის კონცეფტუალური მიმართულებები, რომლებიც დედაქალაქს განახლებულმა გენგეგმამ შესთავაზა. რაც შეეხება ოპერატიულ, ლოკალური მასშტაბის ცვლილებებს, ეს მოსალოდნელია და ამაში გასაოცარი არაფერი არ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, ამგვარი ცვლილებები შესაძლებელია, მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან საფუძვლიანი დასაბუთების შემთხვევაში.

-ბატონო მამუკა, ქალაქის ურბანული განვითარება, თბილისის გენერალური გეგმა, ამოუწურავი თემებია, რომლებიც კიდევ ბევრი წლის განმავლობაში იქნება განხილვის, მსჯელობის, დისკუსიებისა და პოლემიკის საგანი. და მაინც, თქვენი აზრით, რა არის ის უმნიშვნელოვანესი, უმთავრესი, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უნდა შეცვალოს თქვენს მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ?

პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ჯერაც დაუმტკიცებელმა თბილისის გენერალურმა გეგმამ უკვე ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების მენტალობის ცვლილებაში. კარგად მახსოვს, 2016 წლის დასაწყისში თბილისის საკრებულოში დავესწარით განხილვას ველოსიპედისტთა პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნდათ ქალაქში უსაფრთხოდ გადაადგილებისა, ვგულისხმობ მათზე მორგებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. იმ პერიოდში, მათი უმთავრესი თხოვნა ქალაქის მესვეურთა მიმართ სასწავლო და ადმინისტრაციულ შენობებთან ველოსადგომების განთავსების შესაძლებლობის მიცემა იყო. იქ დამსწრე საზოგადოებას ვაუწყეთ, რომ მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა ველოტრანსპორტს განიხილავდა როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულს ქალაქისათვის სატრანსპორტო მოძრაობის იერარქიაში. დამეთანხმებით, ორი წლის თავზე ქალაქ თბილისის მერიისათვის სწორედაც რომ პრიორიტეტს წარმოადგენს ველობილიკების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. გასაგებია, რომ ჯერაც არ არსებობს ველობილიკების ერთიანი სქემა ქალაქისათვის, ჯერაც ბევრი რამ არის კარგად გასააზრებელი  და დასახვეწი, მაგრამ იმ აზრს, რომ თბილისში ველოტრანსპორტის დანერგვა და განვითარება, რელიეფის სირთულის გამო, შეუძლებელია, წერტილი დაესვა.
47377740_688865441514036_5462207061930541056_nორი-სამი წლის წინ ვინ ფიქრობდა ან ვინ განიხილავდა საკითხს მტკვრის სანაპიროებზე რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით? ვის ჰქონდა იმედი, რომ დღის წესრიგში რეალურად დადგებოდა საკითხი გასული საუკუნის 90-იანი წლების უსახური წარმონაქმნის, ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ რადიკალური სახეცვლილებისა ან, სულაც, გადატანისა და მის ადგილას დიდი საპარკო ზონის მოწყობისა? გახსოვთ, ალბათ, სამოქალაქო აქტივისტები და ამა თუ იმ უბნის მაცხოვრებლები ყოველდღიურად კბილებით იცავდნენ მცირე ზომის გამწვანებულ ნაკვეთებს მშენებლებისგან და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ორი წლის თავზე არამხოლოდ ამგვარი ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების, არამედ კვლევებისა და შესაბამისი გეგმარების საფუძველზე, თბილისისათვის ასობით ჰექტარი ახალი საპარკო ზონის  (პირველ ეტაპზე დიღმის ჭალები და ზღვისუბნის პარკი) შემატების საკითხი გახდებოდა რეალური. საზოგადოება ისევ ავალაპარაკეთ თბილისისთვის ტრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ტრამვაის ქალაქის ცხოვრებაში შემოყვანის თაობაზე, კვლევები უკვე მიმდინარეობს  ახალი მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით აეროპორტისა და ისთ-პოინტი – ლილოს მიმართულებით, შემდგომში მისი რუსთავთან შეერთების პერსპქტივით და ა.შ.

Captureქალაქის მომავალზე უკვე ხელჩაქნეულ და უიმედო ადამიანებს მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ მისცა იმედი, რომ ბრძოლა ქალაქისათვის არ არის საბოლოოდ წაგებული. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ადვილი არ იქნება, უამრავი ობიექტური თუ სუბიექტური ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, მაგრამ საზოგადოების მუდმივი აქტიურობის, მონიტორინგის, კონტროლისა და თბილისის მერიის კეთილი ნების შემთხვევაში,  თბილისს აქვს რეალური შანსი, არამარტო გადარჩეს, არამედ, ეტაპობრივად, მსოფლიოს წამყვანი ქალაქებისთვის დამახასიათებელ, განვითარების მაღალ სტანდარტებს მიაღწიოს. ამისთვის თბილისს უკვე მყარი საფუძველი გააჩნია, რომელსაც განხორციელება სჭირდება.

კომენტარი