მეტი მგზავრის აყვანის სურვილი თუ უსაფრთხოება – „მარშუტკებში“ უკანა სავარძლები ამოიღეს

მეტი მგზავრის აყვანის სურვილი თუ უსაფრთხოება – „მარშუტკებში“ უკანა სავარძლები ამოიღეს

324
გაზიარება

ურბანული ლაბორატორის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მოქალაქეებს ყვითელი მარშუტკების ბოლო რიგში 1 სავარძელი ამოღებული ხვდებათ.  გაჩნდა ეჭვი, რომ მძღოლებმა ეს მეტი მგზავრის აყვანის მიზნით, ანუ ტევადობის გასაზრდელად გააკეთეს. თუმცა, როგორც ირკვევა მიკროავტობუსებში სავარძლის ამოღება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი მოთხოვნით არის განპირობებული. აი, რას წერს ურბანული ლაბორატორია საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”:
„მიკროავტობუსებში უკანა სავარძლის ამოღება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი მოთხოვნით არის განპირობებული – კერძოდ, მიკროავტობუსში გათვალისწინებული უნდა იქნას უკანა კარიდან საევაკუაციო გასასვლელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, სავარძლის ამოღება მძღოლების ინიციატივა არ ყოფილა, მისი ოპერატიული და ეფექტიანი შესრულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არსებული რეგულაციების შესრულება დამოკიდებულია არა იმდენად მათ ეფექტიანი აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმებზე, არამედ თავად მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნა დაემთხვა მძღოლების ინტერესს – რაც მეტი ფეხზე დაყენებული მგზავრის გადაყვანაში მდგომარეობს.
ამავე დროს, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის ხელშემწყობი ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება მძღოლების და კომპანიის ფინანსურ ინტერესებს, სამწუხაროდ, იგნორირებული რჩება – მაგალითად, კონდიციონერის ჩართვა ზაფხულში, ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის დაუშვებლობა და ავტომობილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. იმედს ვიქონიებთ, შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ადმინისტრაცია ამ მოთხოვნებსაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება, როგორც უკანა სავარძლის დემონტაჟის მოთხოვნას,“.
“სითი კვირა” შპს “თბილისის მიკროავტობუსს” დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ახალ მოთხოვნას ყველა მიკროავტობუსი დაექვემდებარება. თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის.

კომენტარი