ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი მიმდინარეობს

ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი მიმდინარეობს

43
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შვიდ მისამართზე იცვლება; წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს რეაბილიტაცია 27 ლოკაციაზე უტარდება; ოთხ მისამართზე 14 სადარბაზო რემონტდება; ორი საცხოვრებელი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს; საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის ოთხი კიბის აღდგენა ხდება; ორი ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება ხორციელდება. ასევე, ფასადის აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი კარის მონტაჟი და წყალსაწრეტი მილის  მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად, ისნის საუბნო ტერიტორიების მიხედვით, ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე, ლევან დავითაშვილი, ნინო ლაცაბიძე და ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.
გამგებელი და დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ამხანაგობების საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.
თანადაფინანსებული 49 პროექტი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წელს აღნიშნული მიმართულებით, ჯამში, 130 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ  2 032 642 ლარი შეადგინა.

კომენტარი