“ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევაში მონაწილეობით, ბავშვი არ ზიანდება”

“ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევაში მონაწილეობით, ბავშვი არ ზიანდება”

274
გაზიარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი მოქალაქეებს სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევის პროცესში პრობლემები შეიქმნა, რადგან მშობლების ნაწილი შვილის კვლევაში მონაწილეობასა და სისხლის ჩაბარებაზე უარს ამბობს.
მისივე თქმით, ბავშვები გამოსაკვლევად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევიან. ამ ეტაპზე 1300-მდე ბავშვია გამოკვლეული, ჯამში კი საჭიროა 1500-ის გამოკვლევა.
როგორც ლელა სტურუამ აღნიშნა, მშობლების უარის მიზეზი, ძირითადად, მათი არაინფორმირებულობა და პედიატრების მიერ კვლევასთან დაკავშირებით მიცემული არასწორი რჩევებია.
„გვაქვს საშიშროება იმისა, რომ ვერ შევაგროვოთ იმ რაოდენობის სისხლის ნიმუში, რაც დაგეგმილი გვაქვს. ჩვენი მიმართვა მოსახლეობის მიმართ განპირობებულია პრევენციული მიზნით, რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ სისხლის 1500 ნიმუშის შეგროვება. მოვუწოდებთ მშობლებს, ექიმებს, პედიატრებს, რომ მათ დართონ ნება თავიანთ პაციენტებს, მონაწილეობა მიიღონ კვლევაში. უარის თქმის ძირითად მიზეზად შემიძლია ამ საკითხის მიმართ მოსახლეობის ნაკლები გათვითცნობიერებულობა დავასახელო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აჟიოტაჟური საკითხი იყო, ბევრი გამოხმაურება ჰქონდა. ვესაუბრე რამდენიმე ექიმს, ვინც თავის პაციენტს არ ურჩია კვლევაში მონაწილეობა, ისინი ამბობენ, რომ არ იყვნენ გათვითცნობიერებული ამ კვლევის შესახებ და არ ეგონათ, თუ მსგავსი რამ სახლებში კეთდებოდა. მშობლებს რატომ ეშინიათ, არ ვიცი. საშიში არაფერია. კვლევამ მიიღო ეთიკური კომისიის დასკვნა. არანაირი ზიანი არც პირადად ბავშვს, არც მის მშობელს არ ადგება. კვლევას ახორციელებს ძალიან გამოცდილი ფლებოტომისტი. ვიტყვი, რომ მოსახლეობის სამედიცინო გათვითცნობიერებულობა, მათ შორის ტყვიასთან დაკავშირებით, მაინც დაბალია. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი კოლეგა, ექიმი არ ეცნობა ახალ ინფორმაციას .
მივმართავთ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა კვლევაში. დაგვრჩა 2 კვირა, ამ 2 კვირაში დიდი იმედი მაქვს, რომ შეისმენენ ამას და მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლელა სტურუამ.
მისი თქმით, მიმდინარე კვლევის ფარგლებში წყლის ხარისხსაც ამოწმებენ, თუმცა, მოქალაქეების ნაწილი ამაზეც უარს ამბობს.
„კვლევაში შედის წყლის სინჯის აღებაც. ზოგიერთმა წყლის სინჯის აღებაზეც უარი თქვა, რაც არაფერს გულისხმობს გარდა იმისა, რომ წყალი უნდა ავიღოთ ოჯახში. ლოგიკური ჯაჭვი აქ რთული დასაჭერია“, – აცხადებს ლელა სტურუა.
მისივე თქმით, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე გამოუვლინდება, მათ დაავდებათა კონტროლის ცენტრი უფასო, პირველად კონსულტაციას გაუწევს. მისი თქმით, ტყვიასთან მიმართებაში მთავარია ვიცოდეთ, დაბინძურების წყარო და ის მოვიცილოთ.
„ამ კვლევაზე ბევრადაა დამოკიდებული, რას გავაკეთებთ შემდეგში. ეს საშუალებას მოგვცემს, ვიცოდეთ რა ზომის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ქალაქებსა და სოფლებში როგორ არის გავრცელებული, რაც დაახლოებით წყაროებზეც გაგვიყვანს. სისხლის აღებიდან 2 კვირის განმავლობაში ჩვენი ინტერვიუერები უკავშირდებიან ამ ოჯახებს, არის სპეციალური კითხვარი, ტყვიის შესაძლო წყაროების გამოსავლენად, ატარებენ სატელეფონო ინტერვიუს. გაზაფხულზე მონაცემები გვექნება, ოჯახები მიიღებენ პასუხებს როგორც სატელეფონო შეტყობინებით, ასევე კონვერტში ჩადებული ქაღალდის ფორმით, თავისი რეკომენდაციებით, თუ ტყვიის შემცველობა მაღალი იქნება, რა უნდა გააკეთონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მათ პირველად უფასო კონსულტაციას გაუწევს, მათი მიმართვა მოხდება იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც პირველადი კონსულტაცია უფასო იქნება“,- განაცხადა სტურუამ.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვის წინ ტოქსიკოლოგმა, ინგა ღვინერიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ტყვია ადამიანის ჯანმრთლობაზე.
როგორც ტოქსიკოლოგმა განმარტა, ტყვია მულტიმოქმედების შხამია. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მისივე თქმით, ორგანიზმში ტყვიის ხანგრძლივი დაგროვებისა და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, მთელი რიგი პათოლოგიები იჩენს თავს.
„თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც შეიძლება ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებდეს, მაგრამ მისი სამიზნე მაინც არის ცენტრალური ნერვული სისტემა, ასევე სისხლი.
თმებში, კბილებში, ძვლებში გროვდება, გამოდევნის კალციუმს და ძვალი ხდება მყიფე, მსხვრევადი. ჰემოგლობინი მცირდება, რკინა-დეფიციტური ანემია არის მაჩვენებელი იმისა, რომ აქ შესაძლებელია იყოს ტყვიით ინტოქსიკაცია.
ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ასევე გარკვეული რაოდენობით კანიდანაც. ტყვია ზედმეტია ორგანიზმისთვის, მაგრამ ხვდება ორგანიზმში და ხდება მისი დაგროვება. რაც ყველაზე მეტად ცუდია“,- განაცხადა ღვინერიამ.
მისივე თქმით, ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობს და 10-20 წელი სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოიდევნოს.
„ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის ინტენსიური საშუალება არ არის, ტყვიასთან ერთად სხვა რამეც გამოიდევნება. უცხოეთში როდესაც ტყვიის შემცველობა მაღალია, მაშინვე პირველადი წყაროს დადგენა ხდება“, – განაცხადა სპეციალისტმა.
ავტორი: თამუნა შეყილაძე

კომენტარი