გმირთა მოედანთან მდებარე ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

გმირთა მოედანთან მდებარე ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

164
გაზიარება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების  ჭრა გრძელდება. დაავადებული  ფიჭვები დღეს, გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზე მოიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც  ჭრების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.
„როგორც უკვე მრავალჯერ იქნა გაცხადებული, თბილისის მერიამ დაიწყო ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება დედაქალაქში, როგორიცაა ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება. დედაქალაქში ეს  პრობლემა, უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. შესაბამისად, წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი ხე-მცენარე, რომლის მოჭრა აუცილებელი და სასწრაფოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.
როგორც გიგა გიგაშვილმა აღნიშნა,   მიმდინარე წელს,  დედაქალაქში  დაირგო 7 ათასამდე ხე, რომლითაც ერთი მხრივ, არსებული მწვანე საფარი განახლდა და მეორე მხრიც,  დაავადების გამო მოჭრილი ხეები ჩანაცვლდა.

კომენტარი