კინოთეატრ „რუსთაველის“ ტრანსფორმაცია – მერიამ წარდგენილი კონცეცფცია დაიწუნა

კინოთეატრ „რუსთაველის“ ტრანსფორმაცია – მერიამ წარდგენილი კონცეცფცია დაიწუნა

175
გაზიარება

უკვე რამდენიმე თვეა, კინოთეატრი „რუსთაველი“ დაკეტილია და შესაბამისად, კინოს მოყვარულეს იქ ფილმების ნახვა აღარ შეუძლიათ. როგორც სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი წერს, კინოთეატრის მფლობელები შენობისათვის პროფილის შეცვლას გეგმავენ და იქ სასტუმროს მოწყობა სურთ, ერთ კინოდარბაზთან ერთად.  პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო შენობის როგორც ვიზუალი ასევე მოცულობაც.
ამაშუკელის ინფორმაციით, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა რეკონსტრუქციის პროექტი დაიწუნა, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ შენობის ფუნქცია მაინც შეიცვალოს. ამაშუკელი მესაკუთრესთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს, რომელიც შენობისათვის პროფილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.  ამაშუკელის მოსაზრებით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ მერია შენობას გამოისყიდის და იქ მუნიციპალური კინოთეატრი მოეწყობა.
როგორც “სითი კვირას” “რუსთაველში” ჯერ კიდევ 1 თვის წინ განუმარტეს, კინოთეატრის დაკეტვის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა, რომელთა დასრულების შემდეგ შენობა განახლებული კონცეფციით გაიხსნება. რაც მთავარია, მას ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებები შეუნარჩუნდებდა.
“კინოთეატრ “რუსთაველის” შენობაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საფუძვლიანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. უახლოეს მომავალში მისი რეკონსტრუქცია განახლებული კონცეფციით იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც სრულად იქნება დაცული და შენარჩუნებული შენობის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებები.”- აცხადებდნენ კინოთეატრ “რუსთაველში”.
შეგახსენებთ, რომ  რუსთაველის გამზირის 5 ნომერში მდებარე შენობა, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით, 1939 წელს აშენდა. 1988 წელს კინო „რუსთაველის“ შენობას არქიტექტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარი