ქალაქის ვიზუალის დამაზიანებელი – სპეციალისტთა ნაწილი ანძის რეკონსტრუქციის წინააღმდეგია

ქალაქის ვიზუალის დამაზიანებელი – სპეციალისტთა ნაწილი ანძის რეკონსტრუქციის წინააღმდეგია

375
გაზიარება

სრულიად მიუღებელი და ქალაქის ვიზუალის დამაზიანებელი – ასე აფასებს  არქიტექტორთა და სამოქალაქო აქტივისთა ერთი ნაზილი პროექტს, რომელიც თბილისის სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
კრიტიკოსების შეფასებით, სატელევიზიო ანძის ორივე პროექტი, რომელიც მერიის დაკვეთით ესტონურმა კოპანია   KOKO architects -მა მოამზადა  ქალაქის ვიზუალურ მონახაზს აზიანებს და სრულიად მიუღებელია.
„ანძა არის თბილისის ერთ ერთი სიმბოლო, რომელიც ყველაზე აქტიური და მაღალი ვერტიკალია ქალაქის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ განმსაზღვრელ ელემენტზე – მთაზე. ანძა არ მიმაჩნია არქიტექტურის ან ინჟინერიის შედევრად, მაგრამ მას აქვს პროპორციები, რომელიც ორივე შემოთავაზებულ ვარიანტში არის უხეშად დარღვეული. შუა ფეხის შეყუდებაზე ლაპარაკიც არ ღირს, ისე არღვევს ანძის კომპოზიციას. გასქელებული ძირითადი ფეხი კი ანგრევს მის სილუეტს და ვერტიკალური ძირითადი ნაწილის ერთიან მასშტაბს, რომელიც უჭირავს ორ დახრილ ფეხს. ორივე შემთხვევაში მთლიანად ნადგურდება ანძის სიმსუბუქე და ვერტიკალური დინამიკა. მისი რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ფუნქციებისთვის გახსნა აბსოლუტურად სწორია, მაგრამ არა ამ დიზაინით. არ შეიძლება არჩევანი გვქონდეს მარტო ამ ორ ვერსიას შორის, რომელიც ერთი კომპანიის მომზადებულია. რენდერებიც და ანიმაციაც კი ისეთი დაბალი ხარისხის არის, რომ სერიოზული კითხვები ჩნდება მათ მაღალ პროფესიონალიზმზე. ანძას სჭირდება კონკურსი სადაც იქნება მეტი არჩევანი და რაც მთავარია სწორად არის გასაწერი საკონკურსო დავალება“, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე არქიტექტორი და ურბანისტი ლაშა ჟვანია.
ტფილისის ჰამქრის წევრი, ცირა ელისაშვილის მოსაზრებით, ის, რასაც მერია გვთავაზობს სრულიად აზიანებს ქალაქი  ვიზუალურ, გრაფიკულ მონახაზს და აუხეშებს და აუარესებს მას.
შემოთავაზებული ფორმით პროექტის რეალიზაციას ეწიააღმდეგება სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც. მისი მოსაზრებით, ის, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის “ლენდმარკი” ანძა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, დაინტერესების შემთხვევაში, თბილისის სატელევიზიო ანძა ინვესტორს შესაძლოა  25-წლიანი იჯარით გადაეცეს.სატელევიზიო ანძის საინვესტიციო ღირებულება  10 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა მოეწყოს. სატელევიზიო ანძის სიმაღლე 274,5 მეტრია და ზღვის დონიდან 719,2 მეტრ სიმაღლეზე დგას.

კომენტარი