ვასო ურუშაძე ტაქსების რეფორმაზე: როგორც ჩანს, მივიღებთ უფრო გაძვირებულ სერვისს და მეტს...

ვასო ურუშაძე ტაქსების რეფორმაზე: როგორც ჩანს, მივიღებთ უფრო გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს

100
გაზიარება

“ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სატოქსომოტორო სექტორის რეფორმის შედეგად მიგვეღო გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობა და გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩანს, მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს”, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ურუშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია.“
„თბილისის მერს, როგორც ჩანს, აწუხებს, რომ ქალაქში ტაქსით გადაადგილება საკმაოდ ხელმისაწვდომია და სურს, ეს ხელმისაწვდომობა გაართულოს და უფრო მიუწვდომელი გახადოს მოქალაქეებისთვის. თუ თბილისის მერს სურს, საცობების პრობლემა ამით მოაგვაროს და ნაკლები ადამიანი გადაადგილდებოდეს ტაქსით და ინდივიდუალური ავტომობილით ქალაქში, ამისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდეს, რაც ტაქსებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. ამ მიდგომებით და შეფერხებების შექმნით, პრობლემა ვერ მოგვარდება.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სატოქსომოტორო სექტორის რეფორმის შედეგად მიგვეღო გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობა და გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩანს, მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს.
სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში უკვე არის. პიკის საათებში ტაქსები, ძირითადად, მიუწვდომლები არიან.
ეს არის კოლაფსის პირველი ფაზა და თუ ასე გაგრძელდება, არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, ისევ ბიუროკრატიული გზით წავალთ, დამატებით ბარიერებს შევქმნით. ამის დასასრული იქნება ძალიან ღრმა, მძიმე კრიზისი, რომელიც არამარტო მოქალაქეების გადაადგილებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას შეუქმნის ქალაქის ეკონომიკას”,- განაცხადა ურუშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარი