„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება – მერიის გეგმა და სპეციალისტების შეფასება

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება – მერიის გეგმა და სპეციალისტების შეფასება

550
გაზიარება

დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე, ზემო პლატოზე არსებული „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია – განახლებაზე. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას აქვს ამბიცია, რომ “ხრუშჩოვკების” რენოვაცია მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდეს და შესაბამისი სამოქმედო გეგმა საზოგადოებისათვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი. კალაძეს იმედი აქვს, რომ შეთავაზებები, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით მერიას ექნება, სამშენებლო ბიზნესს გულგრილს არ დატოვებს და „ხრუშჩოვკების“ რენოვაციაში სამშენებლო სექტორი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სპეციალისტების ერთი ნაწილი დედაქალაქის მერიის ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ბიზნესის დაინტერესება ძალიან გაჭირდება.  არსებობს ეჭვი, რომ სამშენებლო სექტორის დაინტერესების მიზნით, თბილისის იმ რაიონებში, სადაც „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია იგეგმება, სპეციალური ნებართვები გაიცეს და განაშენიანების კ1 ან კ2-ის კოეფიციენტები 2-ჯერ ან 2.5-ჯერ გაზრდოს. არის მეორე ვარიანტიც- მსაგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში მთლიანად ბიუჯეტით შესრულდა, ან, მინიმუმ, 70% ბიუჯეტის და 30% კერძო ბიზნესის დაფინანსებით. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირკლი როსტომაშვილისათვის მოვლენათა ამგვარი განვითარება კატეგორიულად მიუღებელია.
„კოეფიციენტებს უნდა შევეშვათ, ეს კატეგორიულად მიუღებელია და თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს მავნებლობა იქნება.“ – აცხადებს როსტომაშვილი.
ირაკლი როსტომაშვილი არც ამ პროექტის სუბსიდირებას  ემხრობა და მიაჩნია, რომ უმჯობესია სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები  განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებში დააბანდოს.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ხდება. საბჭოთა კავშირი უნდა დავასრულოთ. საჭიროა ეკონომიკას მივხედოთ. სანამ ეკონიმიკა არ დადგება ფეხზე, მსგავსი პროექტების რეალიზაცია დაუშვებელია. რატომ უნდა აუშენოს, ან გაურემონტოს გადასახადის გადამხდელმა ვიღაცას სახლი. მაგალითად, გყავთ ძველი მერსედესი. გაყიდეთ ის და იყიდეთ შედარებით ახალი ოპელი. ასეა ამ „ხრუშჩოვკების“ შემთხვევაშიც. ზოგიერთი მათგანი ისეთ უბანშია, რომ მის ფასად გარეუბანში ბევრად უფრო დიდ ფართს იყიდი.  უმჯობესია უფრო პრაგმატულები ვიყოთ.“ – აცხადებს როსტომაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე  საუბარი მერიამ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა სამშენებლო სექტორის პასიურობის გამო, ამ წამოწყების რეალიზაცია ვერ მოხერხდა.
თბილისში 4-5 სართულიანი დაახლოებით, 512 ხრუშოვკაა, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავია. ეს „ხრუშოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში და კრწანისშია განთავსებული.სპეციალისტების შეფასებით თბილისური “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დასჭირდება.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი