დაწესებულება, რომლის შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება, დაჯარიმდება

დაწესებულება, რომლის შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება, დაჯარიმდება

116
გაზიარება

8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე თამბაქოს მოხმარებისთვის ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია.
ალიანსის განცხადებით, 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის დაფიქსირება დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.
8 იანვრიდან ძალაში, ასევე, შევიდა მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.
“სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი